ისრაელი ირანთან მიმართებაში ამერიკის გვერდით დგას

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანს და შეერთებულ შტატებს შორის მზარდ დაძაბულობას ეხმაურება. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანთან მიმართებაში, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ზურგს უმაგრებს. თუმცა, პრემიერს აშფოთებს ის ფაქტი, რომ ირანი ჰეზბოლას ისრაელზე შეტევისთვის გამოიყენებს.

"ბოლო 24 საათის მანძილზე, ირანმა გააძლიერა აგრესია შეერთებული შტატების და ყველა ჩვენს წინააღმდეგ. ვიმეორებ მოწოდებას ყველა მშვიდობისმოყვარე ქვეყნის მიმართ, გვერდში დაუდგნენ შეერთებულ შტატებს, ირანის აგრესიის შეჩერების მცდელობაში. ისრაელი ამ საკითხში შეერთებული შტატების გვერდში დგას" - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ირანმა ამერიკული დრონი ჩამოაგდო. ვაშინგტონი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ნეიტრალურ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.

ირანის საზენიტო რაკეტამ ამერიკული MQ-4C Triton-ის ტიპის დრონი ჰორმუზის სრუტის თავზე 20 ივნისს ჩამოაგდო. თეირანი დაბეჯითებით აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ირანის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.