ისრაელის ირანზე დარტყმამ, საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების მიმართ ინტერესი გააჩინა

ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დარტყმებში საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების ეფექტურად გამოყენებამ, შესაძლოა, ინტერესი გააჩინოს ამ იარაღის მიმართ, რომელსაც წამყვანი სახელმწიფოები თავს არიდებდნენ და უპირატესობას ფრთოსან რაკეტებს ანიჭებდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს, ირანზე თავდასხმისას, დარტყმების სამი ტალღით გაანადგურა ირანული რაკეტის ქარხნები და ანტისაჰაერო დაცვის ობიექტები. მკვლევრებმა თანამგზავრებიდან მიღებულ გამოსახულებებზე დაყრდნობით თქვეს, რომ სამიზნეებში შედიოდა შენობები, რომლებიც ერთ დროს ირანის ბირთვული პროგრამისთვის გამოიყენებოდა.

ასევე ნახეთ: ისრაელის თქმით, მათ ირანზე თავდასხმისას მიზანს მიაღწიეს

თეირანი ასეთ სამიზნეებს ანტისაჰაერო დაცვის „ბევრი სახეობის“ სისტემებით იცავს, თქვა ლონდონის სამეფო გაერთიანებული სამსახურების საჰაერო ძალების და ტექნოლოგიის ექსპერტმა, ჯასტინ ბრონკმა.

ფრთოსანი რაკეტები ანტისაჰაერო დაცვის მჭიდრო, ინტეგრირებული სისტემებისთვის უფრო ადვილი სამიზნეა, ვიდრე ბალისტიკური რაკეტები. მაგრამ, ბალისტიკურ რაკეტებს ხშირად ცნობილი სასტარტო წერტილებიდან უშვებენ და მათ უმეტესობას ფრენის დროს კურსის შეცვლა არ შეუძლია.

ექსპერტები ამბობენ, რომ მაღალი სიჩქარის, უაღრესად ზუსტი დამიზნების შესაძლებლობის მქონე საჰაერო ბაზირების ბალისტიკურ რაკეტებს, როგორიცაა ისრაელის აეროკოსმოსური ინდუსტრიის წარმოებული რაკეტა Rampage, შეუძლია გადალახოს პრობლემები, რომლებიც ხმელეთზე ბაზირებული ბალისტიკურ რაკეტებს და საჰაერო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს ახასიათებს.

იერუსალიმის სტრატეგიის და უსაფრთხოების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი უზი რუბინი ამბობს: „უპირატესობა ისაა, რომ ჰაერიდან გაშვებულ (რაკეტებს) ყველა მხრიდან წამოსვლა შეუძლიათ და მათ წინააღმდეგ თავდაცვას ართულებს."

იარაღი ანტისაჰაერო დაცვისთვის მიუწვდომელი არ არის. უკრაინაში Patriot PAC-3 რაკეტებმა რუსულ „კინჟალებს“ გზა არაერთხელ გადაუჭრეს.

ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ და ბრიტანეთი, „ცივი ომის“ დროს ასეთი იარაღის გამოცდებს ატარებდა. როგორც ცნობილია, დღეისთვის ასეთი იარაღი მხოლოდ ისრაელს, რუსეთს და ჩინეთს აქვს.