ისრაელის მმართველმა კოალიციამ ერთიანობის შენარჩუნება შეძლო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მინისტრმა მუქარა უკან წაიღო და საკუთარი პარტია კოალიციიდან არ გაიყვანა.
განათლების მინისტრი ნაფტალი ბენეტი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან თავდაცვის მინისტრის კანდიდატურის დასახელებას ითხოვდა.
თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გასულ კვირას გადადგა. გადადგომის მიზეზად მან პალესტინელების ავტონომიის შეიარაღებულ ჯგუფ “ჰამასთან” ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დაასახელა.
კვირას ნეთანიაჰუმ გნაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის ფუნქციების შესრულება თავად დაიწყებს. მან ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე „უპასუხისმგებლო“ ნაბიჯი იქნება მმართველი პარტიის უმცირესობაში გადაყვანა და შესაბამისად, ნაადრევი არჩევნების დანიშნვა.
ბენეტის პარტიის კოალიციაში დარჩენა ნეთანიაჰუს პარლამენტში მცირე უპირატესობას უნარჩუნებს. მმართველ კოალიციას 120 მანდატიან პარლამენტში 61 ხმა აქვს. მომავალი გეგმიური არჩევნები ისრაელში 2019 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.
ლიბერმანი ისრაელის მთავრობის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც ეგვიპტის შუამდგომლობით მიღწეულ ზავს აკრიტიკებდა. ლიბერამანის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ დაიცვა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
ისრაელსა და პალესტინელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღაზიდან ისრაელის მიმართულებით “ჰამასმა” 460 რაკეტა გაისროლა, რასაც ისრაელმა ღაზის სექტორში 160 სამიზნის განადგურებით უპასუხა.