ისრაელმა სირიაში ირანული სამიზნეები დაბომბა

Syria Israel

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დამასკოს მიმდებარე ტერიტორიებზე ათეულობით ირანულ და სირიულ სამიზნეზე მიიტანა საჰაერო იერიში. მანამდე კი, ერთი დღით ადრე ისრაელის მიერ კონტროლირებული გოლანის მაღლობი დაიბომბა.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავდასხმის სამიზნე იარაღის საწყობები და სხვა ისეთი დანაყოფები იყო, სადაც რაკეტები თუ სხვა ტიპის შეიარაღება ინახება. ეს საწყობები ისრაელის მტკიცებით, ირანის რევოლუციის მცველთა არმიის ნაწილს, ქვეყნის ელიტურ ქვედანაყოფ "ქუდს" ეკუთვნოდა, რომელიც ქვეყნის გარეთ ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა 11 იყოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ ისრაელის პოზიცია ნათელია: თუკი მათ ვინმე ავნებს, ისინიც მსგავსად უპასუხებენ.

სირიის სახელმწიფო მედიამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის თავდასხმების შეჩერება შეძლო. ირანული მედია კი ადასტურებს სირიაში მომხდარ თავდასხმას, თუმცა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სამიზნეები დაიბომბა, არ საუბრობს. ოთხშაბათს განხორციელებული თავდასხმა იანვრიდან დაწყებულ საჰაერო თავდასხმებს შორის ყველაზე ინტენსიური იყო.