დუბლინი: ირლანდიის მთავრობამ მარტის ბოლომდე სკოლების, უნივერსიტეტების და საბავშვო ბაღების კარი დაკეტა. კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ქვეყანაში ასევე იკრძალება მასობრივი ღონისძიებები.
ახალი რეგულაცია ძალაში პარასკევიდან შედის და ჯერჯერობით 29 მარტამდე გაგრძელდება. განცხადება დღეს ლეო ვარადკარმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.
ირლანდიაში კოვიდ-19-ის გამო სიკვდილის პირველი ფაქტი ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს დადასტურდა. იმავე დღის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 9 ადამიანით გაიზარდა და 43-ს მიაღწია. ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომელთანაც ირლანდიას საზღვარი ღია აქვს და რომელიც ბრიტანეთის ნაწილია, ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 20 იყო.
"სკოლები, კოლეჯები და საბავშვო ბაღები ხვალიდან დაიხურება, სადაც შესაძლებელია, სწავლება ონლაინ, ან დისტანციურად მოხდება" - თქვა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა და დასძინა: "ჩვენი რჩევაა, ყველა მასობრივი ღონისძიება გაუქმდეს, თუკი მას შენობაში 100 ადამიანი, ან შენობის გარეთ 500-ზე მეტი კაცი ესწრება". ირლანდიაში უკვე გაუქმებულია სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
"თუ შეგიძლიათ, იარეთ სამსახურში, მაგრამ ვისაც ამის საშუალება აქვს, სახლიდან იმუშაოს" - ამბობს ლეო ვარადკარი. მისი განცხადებიდან ზუსტად ერთ საათში, დუბლინის ცენტრალური ნაწილის სუპერმარკეტებში უზარმაზარი რიგები დადგა. მთავრობამ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ნუ დაიწყებს "პანიკურად" სანოვაგის მომარაგებას, თუმცა უშედეგოდ.
რესტორნების დახურვის რეკომენდაცია ირლანდიას არ გაუცია, მაგრამ მეპატრონეებს ურჩევენ, მომხმარებელთა სკამებს შორის დისტანცია გაზარდონ და ე.წ. სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები დაიცვან. ჯერჯერობით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აეროპორტები და მაღაზიები.
ორშაბათს, ირლანდიამ გააუქმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაული: წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. როგორც აღლუმს, ასევე მის თანამდევ ღონისძიებებს, ირლანდიაში ასობით ათასი მონაწილე ჰყავს, როგორც ქვეყნის მოქალაქეების, ასევე ტურისტების სახით.