ირლანდიის მოქალაქეები დღეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, უნდა შეინარჩუნონ თუ არა საკონსტიტუციო მუხლი ქვეყანაში აბორტის აკრძალვის შესახებ.
1983 წელს კონსტიტუციში მიღებული ცვლილებით ყველა სახის აბორტი იკრძალებოდა, 5 წლის წინ მიღებული ცვლილებით კი აბორტი ნებადართული გახდა იმ შემთხვევებში, როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
თუ ირლანდიის მოქალაქეები მხარს კანონის შემსუბუქებას დაუჭერენ, პრემიერ-მინისტრის მთავრობას წლის ბოლომდე კანონის წარდგენა მოუწევს, რომელიც აბორტს ორსულობის 12 კვირამდე შეზღუდვების გარეშე დაუშვებს.
ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა შეზღუდვის მოხსნას უჭერს მხარს.
ირლანდიაში ამჟამად არსებული შეზღუდვების გამო, აბორტის გასაკეთებლად, ათასობით ქალი ყოველწლიურად ბრიტანეთში მიემგზავრება.