ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას 5 ამერიკელი დაიჭრა

6 აგვისტოს, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დაგმო "უგუნური" ქმედებები მის მიწაზე განთავსებული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ. ბაღდადმა თქვა, რომ დააკავა სატვირთო მანქანა სარაკეტო გამშვებით ერთი დღის შემდეგ, რაც 5 აგვისტოს, სულ მცირე ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას. ეს იმ ფონზე, როცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე იზრდება.

„ჩვენ უარვყოფთ ყველა უგუნურ ქმედებას და პრაქტიკას ერაყის ბაზების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო კოალიციის მრჩევლების ადგილსამყოფელის კუთხით და ყველა იმ კუთხით, რაც გაზრდის დაძაბულობას რეგიონში“, - ნათქვამია ერაყის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკისგან განსხვავებით, ერაყმა არ დაადასტურა, რომ დაშავდა შეერთებული შტატების პერსონალი. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა “როიტერს” ორშაბათს განუცხადეს, რომ ორი რაკეტა იყო გასროლილი დასავლეთ ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზის მიმართულებით.

ასევე ნახეთ: აშშ-მა ერაყსა და იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ობიექტებზე მიიტანა იერიში

თავდასხმის შემდეგ დააკავეს პატარა სატვირთო მანქანა, რომელსაც დამაგრებული ჰქონდა სარაკეტო გამშვები. რვა გაუსროლელი რაკეტის დემონტაჟი მოხდა, ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენი უსაფრთხოების ძალების ფორმირებებმა, სადაზვერვო და უსაფრთხოების სამუშაოების შედეგად, მოიპოვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აინ ალ-ასადის წინააღმდეგ ამ თავდასხმაში დამნაშავეების შესახებ და ამჟამად მიმდინარეობს ძიება, რათა მოხდეს მათი პასუხისგებაში მიცემა“, - ნათქვამია განცხადებაში, დამატებითი ინფორმაციის გარეშე.

ერაყი მასპინძლობს 2500 ამერიკელ ჯარისკაცს. ამავდროულად, ქვეყანაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებიც დაკავშირებულია ერაყის უსაფრთხოების ძალებთან. ერაყში, ოქტომბერში ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა.