"მილიონი ადამიანის მარში" - ამ სახელით გამართულ ანტიამერიკულ აქციაში ათობით ათასმა ერაყელმა მიიღო მონაწილეობა. ბაღდადში დღეს გამართულ დემონსტრაციაზე მისულებს, ხელში ერაყის დროშები ეკავათ და გაჰყვიროდნენ: "არა ამერიკას"!
აქციის ორგანიზატორია შიიტი მღვდელთმსახური მუქთადა ალ-სადრი. მისი მიმდევრები აღშფოთებულები არიან ამერიკის მიერ ირანის გავლენიანი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციით. დემონსტრაციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილებმა ან დატოვონ ქვეყანა, ან მათ წასვლა ერაყის მთავრობამ აიძულოს.