ირანზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება

საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - აცხადებს შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჯეიკობ ლიუ

Your browser doesn’t support HTML5

ახალი ეტაპი ირანთან ურთიერთობაში


დასავლეთის დიპლომატებს და ირანს შორის ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. თეთრმა სახლმა ამ ფაქტს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებში „სერიოზულობის და შინაარსის“ კუთხით, სრულიად ახალი ეტაპი უწოდა. თუმცა, როგორც ტელეკომპანია „ენ-ბი-სისთან“ შეხვედრაზე შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯეიკობ ლიუმ განაცხადა, ირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„შემსუბუქების შესახებ საკითხი ჯერ არ მომწიფებულა. ვფიქრობ, რომ სანქციები თავის საქმეს აკეთებს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მოლაპარაკებები დაიწყო. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ბირთვული იარაღის შექმნისგან უკან დაიხევენ. ამის რეალური, საგრძნობი მტკიცებულება გვჭირდება. სანქციებთან დაკავშირებით ნაბიჯს მანამ არ გადავდგამთ, სანამ ირანისგან ამ ტიპის ქმედებას არ დავინახავთ“ - განაცხადა ხაზინის მდივანმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავარი შედეგია და არა ირანის მხრიდან გაკეთებული განცხადება მათი გეგმების შესახებ:

„მთავარი საკითხი იმედი არ არის. მთავარია რეალური შედეგი. შედეგად კი მხოლოდ ირანის მილიტარისტული ბირთვული პროგრამის სრული შეწყვეტა იქნება. თუკი ეს განვახორციელეთ, ძალიან კარგი იქნება. თანაც თუ მშვიდობიანად შევძელით ამ მიზნის მიღწევაა - კიდევ უკეთესი“.

ირანი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ხასიათს ატარებს. მკაცრი საერთაშორისო სანქციების დაწესების მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება ურანის გამდიდრების შეწყვეტის მოთხოვნას ყურად არ იღებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა გასულ კვირას იმედი გამოთქვა, რომ ეს ყოვლად „არასაჭირო კრიზისი“ დასრულდება.

„ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი. ბირთვული პროგრამის განვითარების უფლება ირანს აქვს. ასევე აქვს ურანის გამდიდრების უფლებაც, რადგან ეს სამშვიდობო ხასიათს ატარებს“ - განაცხადა ჯავად ზარიფმა.

ჟენევის მოლაპარაკებაში ირანთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი -შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი- და გერმანია. ეს იყო პირველი მოლაპარაკება ირანთან, რომელიც ივნისში ირანში ახალი პრეზიდენტის, შედარებით ზომიერი პოლიტიკის მქონე, ჰასან როჰანის არჩევის შემდეგ შედგა. მოლაპარაკება მომავალ თვეში განახლდება.