ირანსა და წამყვან გლობალურ ძალებს შორის ხუთშაბათს მოლაპარაკებები განახლდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენის მიზნით. ამ ძალისხმევას ხელი პოტენციურად შეიძლება იმან შეუშალოს, რომ ირანმა ურანის გამდიდრების მასშტაბები გააფართოვა და პარალელურად, ისრაელს ერთ-ერთი ბირთვული ნაგებობის საბოტაჟში დასდო ბრალი.
ასევე ნახეთ: ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანა შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკის შემცველი იყოსვენაში მოლაპარაკების განახლებამდე ორი დღით ადრე, ირანმა გამოაცხადა, რომ ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრებას იწყებს. ეს საყურადღებო ნაბიჯია, რადგან ბირთვული ბომბისთვის ურანის 90 პროცენტამდე გამდიდრებაა საჭირო. თეირანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნათანზის ბირთვულ ნაგებობაზე კვირას აფეთქება მოხდა.
შეერთებულმა შტატებმა და ხელშეკრულების წევრმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ირანის გადაწყვეტილებას "პროვოკაციული" უწოდეს და თეირანი გააფრთხილეს, რომ ურანის გამდიდრების პროგრამის გაფართოება ეწინააღმდეგება ძალისხმევას, რომლის მიზანიც ამერიკის ხელშეკრულებაში დაბრუნებაა. ვაშინგტონმა ირანის ბირთვული შეთანხმება სამი წლის წინ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს დატოვა. 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიზანი ირანისთვის ატომური ბომბის შემუშავების გართულება იყო. სანაცვლოდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ თეირანს სანქციები შეუმსუბუქა.
თეირანი უარს აცხადებს ამერიკელებთან პირისპირ მოლაპარაკებაზე. ამის გამო ევროპელი დიპლომატები ვენაში ორ სხვადასხვა სასტუმროში ხვდებოდნენ ირანელებს და ამერიკელებს და ამ გზით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. მოლაპარაკების ამ რაუნდის შემდეგ ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა შეხვედრა "კონსტრუქციულად" შეაფასეს.