ირანი ამერიკელ მთამსვლელებს გაათავისუფლებს

ირანი ამერიკელ მთამსვლელებს გაათავისუფლებს

შეერთებული შტატები ირანში 2009 წელს დატყვევებული ორი მთამსვლელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დადასტურებას ელოდება. თითოეულს შპიონაჟის ბრალდებით გასულ თვეში 8 წელი მიუსაჯეს.

ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა დღეს განაცხადა, რომ შეინ ბაუერი და ჯოშ ფატალი ჰუმანიტარული მოსაზრებით რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან.

სახელმწიფო დეპარტამენტი ირანიდან ოფიციალურ შეტყობინებას მათი გათავისუფლების შესახებ ჯერ კიდევ ელოდება. როგორც იცით მესამე მთამსვლელი, სარა შურდი, ერთი წლის პატიმრობის შემდეგ 500 ათას დოლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს. პატიმართა ადვოკატი აცხადებს, რომ ბაუერის და ფატალის გირაოც იმავე რაოდენობას შეადგენს.