ოფიციალური თეირანი პრეზიდეტნ ბაშარ ალ-ასადის მომხრეთა მცდელობას, დაიკავონ სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ბოლო მნიშვნელოვანი ტერიტორია, დადებითად აფასებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სირია "ტერორისტებისგან უნდა გაიწმინდოს".
მოჰამედ ჯავად ზარიფი, ირანის პირველი დიპლომატი, ორშაბათს დამასკოში ჩავიდა და სირიელ კოლეგას და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ირანული მედიის ცნობით, ზარიფმა აღნიშნა, რომ ქალაქი იდლიბი სირიელი ხალხის კონტროლის ქვეშ უნდა დაბრუნდეს, გაგრძელდეს რეკონსტრუქცია და ლტოლვილების უკან დაბრუნება.
ქვეყანაში ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის არაერთი სხვადასხვა ჯგუფია, მათ შორის სამთავრობო ძალები, მეამბოხე ჯგუფები და სამხედროები, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიის კონტროლისთვის იბრძვიან. ასადის ძალებს ზურგს რუსეთი და ირანი უმაგრებს.
ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სტრატგიული ობიექტების, ქალაქებისა და დასახლებების ოპოზიციონერი მებრძოლებისგან გათავისუფლება მოახერხა. ზოგიერთი ტერიტორიის დაბრუნების სანაცვლოდ, ისინი მეამბოხეებს უფლებას აძლევდნენ, ქალაქ იდლიბისთვის შეეფარებინათ თავი.
ახლა ასადის არმია უკვე იდლიბის დაკავებას ცდილობს. ქალაქში დაახლოებით 3 მილიონამდე ადამიანია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, თუკი ასადის ძალები იდლიბზე იერიშს მიიტანს, ამას შესაძლოა დიდი მსხვერპლი მოჰყვეს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, სირიას ამის ყველანაირი უფლება აქვს. მას შეუძლია საკუთარი ტერიტორიები "ტერორისტებისგან გაათავისუფლოს" და ამ საქმეში ირანი სირიის მხარდაჭერას გააგრძელებს.