გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ის შეშფოთებულია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ახალი სადაზვერვო მასალების გაცნობის შედეგად. ამის შესახებ იუკია ამანომ დღეს სააგენტოს მმართველი ორგანოს ხუთდღიანი სხდომის დაწყების დროს აღნიშნა. მისი თქმით, სააგენტო შეშფოთებულია ირანის მიერ შესაძლო ბირთვული ქობინების გამოცდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით. მისი თქმით, მართალია ირანის მიერ პროცესის გამჭვირვალობა „უპრეცედენტოდ მაღალი დონისა,“ თუმცა სააგენტოსთან არ მიმდინარეობს საჭირო თანამშრომლობა ბირთვული მასალების საკითხზე. როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭომ თეირანს სანქციების მეოთხე რაუნდი დაუწესა და ამის მიზეზი თეირანის მიერ ურანის გამდიდრების პროცესი გახდა, რა დროსაც ირანის ხელისუფლებამ საერთაშორისო ინსპექტორებთან არ ითანამშრომლა. თუმცა, თეირანი კვლავ აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი.