ირანი ურანის გამდიდრებას "არასოდეს შეწყვეტს"

ირანი ურანის გამდიდრებას არ შეწყვეტს, თუმცა პირობას დებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან „კონსტრუქციულ ურთიერთობას“ გააგრძელებს
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ტელეკომპანია IRIB-ს ეთერში განაცხადა, რომ ირანს ურანის გამდიდრების უფლება აქვს და არასოდეს იტყვის უარს ამ უფლებაზე. მისი თქმით:

„მინდა ჩვენი ერი დავარწმუნო იმაში, რომ პრინციპები, რომლებიც დაადგინა ხალხმა, უფლებები, რომლებიც ხალხს აქვს, ჩარჩოები, რომლებიც უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა დაადგინა, შენარჩუნებული იქნება მოლაპრაკების დასრულებამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ბირთვული პროგრამის ქონის უფლება შენარჩუნებული იქნება უფრო ძლიერად და გასაგებად. ურანის გამდიდრების პროგრამაც კი, რომელიც ჩვენი ბირთვული უფლებების ნაწილია, გაგრძელდება. ურანის გამდიდრება გრძელდება, მომავალშიც გაგრძელდება და არასოდეს შეწყდება. ეს ჩვენი წითელი ხაზია. ურანის გამდიდრება ირანში არასოდეს შეწყდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ეს მოსწონს, ზოგს კი არა.“

მან ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრთან და გერმანიასთან შეთანხმდა იმაზე, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეამსუბუქებდა.

ექვს-თვიანი შეთანხმების თანახმად, ირანს შეუძლია ურანის გამდიდრების გაგრძელება, მაგრამ მხოლოდ 5 პროცენტამდე. ურანის გამდიდრების ეს დონე საკმარისია ბირთვული ელექტრო სადგურების მუშაობისთვის. ირანმა უნდა გაანადგუროს 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის მარაგი. ამ დონეზე გამდიდრებული ურანი სამედიცინო კვლევებისთვის გამოიყენება, თუმცა ის ძალიან ახლოსაა გამდიდრების დონესთან, რომელიც ბირთვული ბომბის შესაქმნელადაა საჭირო.

როჰანიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიზანი გაეროს უშიშროების საბჭოს და ინდივიდუალური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების მოხსნაა. ამ სანქციებით საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს ირანი აიძულოს შეწყვიტოს ურანის გამდიდრება და სავარაუდოდ ბირთვული ბომბის შემუშავების შესაძლებლობა. ირანი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზებისთვის აქვს.

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას მოლაპარაკებებში ჩართული ქვეყნების ჯგუფთან, რომელშიც ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია შედის, ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად.

მოლაპარაკების მხარეები აცხადებენ, რომ გრძელვადიან გადაწყვეტილებაში შევა ბირთვულ პროგრამაზე „პრაქტიკული ლიმიტების“ დაწესება და გამჭვირვალე მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა. სანქციების მოხსნამდე, საერთაშორისო თანამეგობრობას სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ირანს ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის აქვს.