რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, შეთანხმების მთავარ დაბრკოლებად ირანისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს მოხსნა რჩება, რასაც რუსეთი ემხრობა.
დღეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე ფრონტზე გაგრძელდა. ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეთანხმების მისაღწევად მხარეებს კიდევ ერთი დღე რჩებათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამჯერად ისინი შეთანხმებასთან ძალიან ახლოს დგანან. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მთავარ დაბრკოლებად ირანისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს მოხსნა რჩება, რასაც რუსეთი მხარს უჭერს. დასავლეთის ქვეყნები ემბარგოს მოხსნის წინააღმდეგ გამოდიან. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს საკითხი მოლაპარაკების ნაწილად არ უნდა განიხილებოდეს და ირანის ბირთვული აქტივობის შეზღუდვის სანაცვლოდ შეთანხმება მხოლოდ ეკონომიკური სანქციების მოხსნას უნდა ითვალისწინებდეს.