ირანის ე.წ. ბირთვული შეთანხმების ხელმომწერი მხარეები ოთხშაბათს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეხვდებიან. ეს პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც მხარეებმა - გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა სადავო პროცედურები წამოიწყეს, რომელთა შედეგადაც თეირანის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები აღდგეს. მხარეები შეთანხმების გადარჩენას ეცდებიან. 2015 წელს მიღწეული ეს შეთანხმება ამერიკამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით 2018 წელს დატოვა და ირანის წინააღმდეგ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული დარღვევების გამო სანქციები აღადგინა.
ამის შემდეგ ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების საპირისპიროდ, ურანის გამდიდრების დაშვებულ ლიმიტები დაარღვია.
შეხვედრას ვენაში ირანის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატები დაესწრებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ "ეს არის შანსი, არა 100 %-იანი, მაგრამ მაინც შანსი, რომ შეჩერდეს ესკალაცია, სანამ გვიანი არ იქნება".
იანვარში შეთანხმების მხარეებმა განაცხადეს, რომ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმ მექანიზმების გააქტიურებისა, რომლებიც შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისადმი დაუმორჩილებლობის შედეგად უნდა მოხდეს. დონალდ ტრამპი შეთანხმებას დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ამ შეთანხმებით ვერ მოხერხდა ირანის მიერ ბირთვული შესაძლებლობების განვითარების შეფერხება და მისი ანგარიშვალდებულების დაყენება ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების გამო. თუმცა ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო ხასიათი აქვს და შეთანხმება მას აძლევდა უფლება რეაქტორები ენერგიის წარმოების მიზნით ემუშავებინა.