ირანი მოკლულ მეცნიერს გლოვობს

ორშაბათს, ირანმა დაკრძალა ბირთვული ფიზიკის მეცნიერი მოსენ ფაქრიზადე, რომელიც პარასკევს მოკლეს. მკვლელობამ ირანელი ლიდერების მხრიდან სამაგიეროს გადახდის მუქარა გამოიწვია.

თეირანში, ირანის თავდაცვის სამინისტროში გამართულ პანაშვიდზე, თავდაცვის მინისტრმა გენერალმა ამირ ჰათამიმ თქვა, რომ ფაქრიზადეს სიკვდილი ირანელებს უფრო გააერთიანებს და ქვეყანა მის საქმეს “მეტი სისწრაფით და მეტი ძალით” გააგრძელებს.
შეიარაღებული პირები ფაქრიზადეს ავტომობილს თავს პარასკევს დაესხნენ, როდესაც ის ქალაქ აბსარდის სიახლოვეს გადაადგილდებოდა.

ასევე ნახეთ: ირანის პრეზიდენტი ბირთვულ პროგრამას აძლიერებს

დასავლეთის და ისრაელის მთავრობები დიდი ხნის განმავლობაში ეჭვობდნენ, რომ ფაქრიზადე საიდუმლო ბირთვული იარაღის პროგრამის წამყვანი ფიგურა იყო.

ირანმა თავდასხმაში ბრალი ისრაელს დასდო. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა მოკვლაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. კაბინეტის მინისტრმა ცახი ჰანეგბიმ შაბათს თქვა, რომ არ იცოდა თავდასხმა ვინ ჩაიდინა. ისრაელის დაზვერვის მინისტრმა ილაი კოენმა, ორშაბათს ისრაელის რადიოს უთხრა, რომ ახლა იცის, თუ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ვინ არის.

ასევე ნახეთ: ირანის ოფიციალური პირები ბირთვულ ნაგებობაში გაჩენილ ხანძარს საბოტაჟს უკავშირებენ



თავდასხმის საპასუხოდ, ირანის პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც ირანში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექციებს შეაჩერებს.