ირანი დათანხმდა, საერთაშორისო ინსპექტორებს მისცეს უფლება, სენსიტიურ ბირთვულ ლოკაციებზე გააგრძელონ ვიდეო მეთვალყურეობა. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 12 სექტემბერს, თეირანში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელ, რაფაელ გროსისა და ირანის ატომური ორგანიზაციის ხელმძღვანელ, მოჰამად ესლამის შორის შეთანხმება შედგა.
გროსიმ ვენაში დაბრუნებისას აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „დიპლომატიას დროს მისცემს“ და რომ ეს პრობლემის „საბოლოო გადაჭრა“ არაა. თეირანის მიერ გადადგმული ნაბიჯი დასავლეთისა და ირანის მოლაპარაკებებს უკავშირდება, რომლის მიზანიც ირანის ბირთვული შეთანხმების გაცოცხლებაა.
ეს გროსის პირველი ვიზიტია ირანში, მას შემდეგ რაც თანამდებობა აგვისტოში რადიკალმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ დაიკავა. ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებები ივნისიდან ჩიხშია.
ასევე ნახეთ: ირანის არჩეული პრეზიდენტი: "ამერიკის ტირანული სანქციების დასრულება გვსურს"ამ თვის დასაწყისში ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ ირანი აგრძელებს გამდიდრებული ურანის მარაგის გაზრდას. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ თებერვლის შემდეგ, მონიტორინგი გართულდა, რადგან ირანი უარს აცხადებდა სააგენტოს ინსპექტორების ადგილზე დაშვებაზე. დასავლეთის ქვეყნებმა სააგენტოს შეხვედრაზე მომავალ კვირას უნდა გადაწყვიტონ მიიღებენ თუ არა უფრო მკაცრ ზომებს, ირანის მხრიდან მათი საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ ნაბიჯმა შესაძლოა მოლაპარაკებების გაგრძელება შეაფერხოს.
2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, თეირანი სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ბირთვული აქტივობის შეზღუდვას დათანხმდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერტებული შტატები შეთანხმებიდან 2018 წელს გაიყვანა და თეირანზე ეკონომიკური სანქციები განაახლა. ირანმა ამ ნაბიჯს, შეთანხმების მთავარი შეზღუდვების დარღვევით უპასუხა.