გაერო უკრაინაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობს

გაეროს მიგრაციის საკითხების წარმომადგენელი ჯოელ მილმანი აცხადებს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს სდევს თან.

მილმანის თქმით, “2014 წლის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 24 000 დაშავდა. ჰუმანიტარული დახმარება, ჯამში, 3.4 მილიონ ადამიანს სჭირდება. უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირად ქვეყანაში 1.5 მილიონი ადამიანია დარეგისტრირებული.”

მილმანის თქმით, ყველაზე მეტად ადამიანებს ჯანდაცვის სისტემაზე წვდომა, სურსათი, წყალი და სამუშაო ადგილები სჭირდებათ. მან დასძინა, რომ უკრაინის კონფლიქტის შედეგად 1.2 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა, ხოლო 3 მილიონზე მეტს კი სასმელი, საჭმლის გასაკეთებელი და ჰიგიენისთვის საჭირო წყალი არ აქვს. ყველაზე რთულ სიტუაციაში ის ადამიანები არიან, რომლებიც მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.