მალაიზიის თვითმფრინავის გაუჩინარების მიზეზი დაუდგენელია

2014 წლის მარტში მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის გაუჩინარების მიზეზის დადგენა შეუძლებელია - ამბობენ გამომძიებლები, რომლებიც 4 წელზე მეტია მუშაობენ იმისთვის, რომ მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანა ამოხსნან.

გამომძიებელთა გუნდის ახალი ანგარიში ორშაბათს გამოქვეყნდა. გუნდის ხელმძღვანელის, კოკ სო ჩონის თქმით, MH370 ის, ბოინგ 777-ის გაუჩინარების მიზეზის დასადგენად მისი ნარჩენების პოვნა იყო აუცილებელი, რაც ვერ მოხერხდა. თვითმფრინავში 239 ადამიანი იმფოფებოდა და ისინი კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ მიემართებოდნენ.

2017 წლის იანვარში ძიების მასშტაბები შემცირდა, რადგან ავსტრალიის, მალაიზიისა და ჩინეთის ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ინდოეთის ოკეანის ფსკერის დაახლოებით 120 ათასი კვადრატული კილომეტრი გულდასმით შემოწმდა. ეს პროცესი ქვეყნებს დაახლოებით 150 მილიონი დოლარი დაუჯდა. თუმცა მაშინდელი დასკვნებით, სავარაუდო კატასტროფის ადგილი უფრო ჩრდილოეთით უნდა მოეძებნათ.

მსხვერპლთა ოჯახებისა და საზოგადოების წნეხის შედეგად, მალაიზიის ყოფილმა ხელისუფლებამ კერძო კომპანია Ocean Infinity-სთან გააფორმა ხელშეკრულება. მათ წელს, იანვარში განაახლეს თვითმფრინავის ძებნა. ხელშეკრულეის თანახმად, ისინი გაწეული სამუშაოს საფასურს - 70 მილიონს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუკი კონკრეტული შედეგი ექნებოდათ. მიუხედავად უახლესი, მაღალგანვითარებული ტექნოლოგიის გამოყენებისა, კომპანიამ ვერაფერს მიაგნო და მაისში სამძებრო სამუშაოები ოფიციალურად შეწყვიტა.