ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი დონალდ ჯენსენი აცხადებს, რომ კრემლი საქართველოში "ბორდერიზაციის" პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტის დისკრედიტაციისთვის იყენებს და ქმნის შეხედულებას, რომ მთავრობას საკუთარი ქვეყნის საზღვრების კონტროლი არ შეუძლია. მისივე თქმით, საზღვრის გადმოწევით კრემლი ახალ ფაქტებს ქმნის, რომელთა უკან შეტრიალებაც ძალიან რთული იქნება. ჯენსენს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
დონ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ ფიქრობთ, როგორ სრულდება სარკოზის შეთანხმება?
ვიდრე შეკითხვას ვუპასუხებ, მინდა გითხრათ, რომ ომი ის მოვლენა იყო, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა. ომმა პოსტ-საბჭოთა პერიოდში აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობა შეცვალა.
რაც შეეხება სარკოზის შეთანხმებას, არ ვიტყვი ის სასაცილოა თქო, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ის არ მუშაობს. ის არც დასაწყისში მუშაობდა და ვერც იმუშავებდა იმის გამო, რომ ბევრ ევროპელ პარტნიორს არ ესმოდა რა მოხდა. ამასთან, მათ ყოფილ მთავრობაზე და საქართველოს ლიდერებზე შეხედულება ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ჰქონდათ.
არ ჰქონდა მნიშვნელობა რას გააკეთებდნენ საქართველოს ლიდერები, პუტინს საქართველოში შეჭრისთვის ნიადაგი მომზადებული ჰქონდა. ასე, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას თუ ვინ გაისროლა პირველმა. ვითარება გაცილებით რთული იყო, ვიდრე უშუალოდ ინციდენტის დაწყება.დონალდ ჯენსენი
ვფიქრობ, მაშინ სარკოზის შეთანხმებას ბევრი ისე უყურებდა, როგორც დროებით ზომას ცეცხლის შესაჩერებლად. ის არ ქმნიდა მოლოდინს, რომ ამაზე მეტს მიაღწევდა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის გადასაჭრელად.
რას გულისხმობთ მთავრობის მიმართ არსებულ გაურკვევლობაში?
არსებობდა და დღესაც არსებობს მოსაზრება, რომ ქართველებმა მოახდინეს რუსეთის რეაგირების პროვოცირება. მე არ ვარ ამ ადამიანებს შორის. ვფიქრობ, თუ ამ მოსაზრებას იზიარებ, აჩენ შესაძლებლობას, რომ რეაგირება არ გააკეთო რუსეთის აგრესიაზე და პროვოკაციაზე. ამასთან, მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ცოდნიდან გამომდინარე, სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რეალისტური მოლოდინი არავის ჰქონდა.
მე ვიფიქრებდი, რომ თუ ერთი ქვეყანა მეორის ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკით და ჩვეულებრივი შეიარაღებით ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იწყებს და შემდეგ ამ ქვეყნის საზღვრებს ცვლის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი. საინტერესოა ის, რომ ევროპელებისთვის ამას მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების გარეშე რუსეთთან სინამდვილეში მარტოს ბევრის არაფრის გაკეთება შეუძლია. დღეს, როცა დასავლეთში რუსეთთან დაკავშირებით ასეთი გაურკვევლობაა, მოსკოვი სარგებლობს და ნაბიჯ-ნაბიჯ ზეწოლას ზრდის.დონალდ ჯენსენი
მიუნხენში პუტინის 2007 წლის გამოსვლა რომ გავიხსენოთ ვნახავთ, რომ ეს სიტყვაც ისეთივე ფართომასშტაბიანი მოვლენა იყო, როგორიც ომი. პუტინი მაშინ გახდა აგრესიული. მან ასევე არაერთხელ ისაუბრა სხვადასხვა სცენარისთვის მზადყოფნაზე. თუ მზად იყო, ესეიგი ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა რას გააკეთებდნენ საქართველოს ლიდერები, პუტინს საქართველოში შეჭრისთვის ნიადაგი მომზადებული ჰქონდა. ასე, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას თუ ვინ გაისროლა პირველმა. ვითარება გაცილებით რთული იყო, ვიდრე უშუალოდ ინციდენტის დაწყება. თუ კონცენტრაციას იმაზე გააკეთებ, თუ ვინ გაისროლა პირველმა, ვეღარ ხედავ ვერაფერ სხვას.
საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა მეთოდები აქვს რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად?
რომლებიც ეფექტური იქნება? არა! აქ საქმე სინამდვილეში ნატოს, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობას უკავშირდება და მიძნელდება ვთქვა, მაგრამ საქართველოს მოვლენებზე გავლენა არ აქვს. თუმცა, შესამჩნევია ისიც, რომ კრემლი საქართველოს რეაქციის შერბილებას ცდილობს. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ახლანდელი მთავრობა უფრო მეტად აიტანს კრემლის შედარებით მკაცრ ზომებს. საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების გარეშე რუსეთთან სინამდვილეში მარტოს ბევრის არაფრის გაკეთება შეუძლია. დღეს, როცა დასავლეთში რუსეთთან დაკავშირებით ასეთი გაურკვევლობაა, მოსკოვი სარგებლობს და ნაბიჯ-ნაბიჯ ზეწოლას ზრდის.
თქვენი აზრით, საქართველოს მთავრობა ფიქრობს ამაზე?
საქართველოს მთავრობას არ ვაკრიტიკებ. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ საქართველო ამას მარტო ვერ გააკეთებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უდგას ქვეყანას სათავეში. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში, როცა რუსეთი სისუსტეს და შესაძლებლობას ხედავს, ყოველთვის ცდილობს მათ გამოყენებას.
რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გაზრდის ერთ-ერთი მეთოდი, ეგრეთწოდებული, ბორდერიზაციაა. როგორ აფასებთ საზღვრის გადმოწევის ამ პროცესს, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება? ცოტა ხნის წინ, რუსმა ჯარისკაცებმა, ეგრეთწოდებული, საზღვარი აფხაზეთშიც გადმოწიეს.
რუსები საზღვრებს სწევენ იმიტომ, რომ ეს შეუძლიათ. რუსეთი საკუთარ თავს აღმავალ სახელმწიფოდ ხედავს და საკუთარ პერიფერიებში გავლენის გაძლიერებას ცდილობს. ისინი საქართველოს არ დაიპყრობენ, მაგრამ სამიზნეების ასე კონკრეტულად შერჩევას გააგრძელებენ. თან, მათ არავინ აჩერებს და რატომ არ გააკეთებენ იმას, რაც სურთ?!
საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ისინი ქმნიან შეხედულებას, რომ მთავრობას საკუთარი ქვეყნის საზღვრების კონტროლი არ შეუძლია. საზღვრები კი მოგეხსენებათ, სუვერენიტეტის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია. ამით რუსები საქართველოს სუვერენიტეტის დისკრედიტაციას აკეთებენ. არ მგონია რუსეთი საბჭოთა კავშირის შექმნას ცდილობდეს. მათ გავლენის განმტკიცება სურთ.
ეს საინტერესო არგუმენტია… საზღვრის კონტოლის გარეშე ასევე რთულია მოიზიდო ინვესტორები.
დიახ. საზღვრის კონტროლი სუვერენიტეტის უმთავრესი მოთხოვნილებაა. თუ ქვეყანა საკუთარ საზღვარს ვერ აკონტროლებს, მაშინ ნამდვილი ქვეყანა არაა - ამ შეხედულების შექმნას ცდილობს კრემლი. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2008 წლის შემდეგ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მეტი ყურადღება ექცევა. ამის გამო, რუსეთს აფხაზეთიდან გამოსვლა არ უნდა და თუ არავინ უბიძგა გასვლა, რატომ წავლენ?
თქვენ რამდენიმე ფაქტორი ახსენეთ, მაგრამ რომ შეაჯამოთ - რა სარგებლობას ნახულობს რუსეთი საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრის მარკერების მანიპულირებით?
ეს მოქმედებები რუსულ ელიტას შეხედულებას უმყარებს, რომ რუსეთი დიადი სახელმწიფოა - ხშირად ეს იმპერიალისტური შეხედულებაა. რუსეთს დიდ და ძლიერ ქვეყნებთან ურთეირთობა უჭირს, მაგრამ ისეთი ქვეყნების დაქვემდებარება უნდა, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, რომლებსაც ძლიერი დასავლური იმპულსები აქვთ. ეს კი რუსეთს აშინებს და ამ იმპულსების განადგურება საწყის ეტაპზევე სურს.
როგორ ახსნით ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას აფხაზეთში?
იმით, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ… მე მწერალი ვარ და ვიცი, რომ დღეში ერთი აბზაცი რომ დაწერო, ერთ-ორ თვეში უკვე ბევრი გაქვს დაწერილი. საზღვრის ცოტა-ცოტათი გადმოწევით, ტერიტორიასაც ზრდიან და ახალ ფაქტებსაც ადგენ. არ აქვს მნიშვნველობა იმას, თუ რას ამბობენ ერთნიკურ, ისტორიულ, კარტოგრაფიულ თუ სხვა სახის დაყოფაზე. მთავარი ისეაა, რომ ახალი ფაქტების შემქნის შემდეგ ძალიან რთული იქნება მათი ამ ადგილიდან გაყვანა.
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ დასავლეთმა საქართველო, ერთგვარად, დაივიწყა? უკრაინაში მიმდინარე ომი დასავლეთის რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა და მიუხედავად მსგავსი გარემოებებისა, საქართველო ამ კონტექსტში თითქმის არ მოიხსენება.
უკრაინას, ცხადია დღეს მეტი ყურადღება ეთმობა. ეს იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინა უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშეა ევროპის უსაფრთხოებაში, ვიდრე საქართველო. მე საქართველოს და უკრაინას ერთმანეთთან არ დავაკავშირებდი. უკრაინაში ახლა ომი მიმდინარეობს და ამის გამო მასზე უფრო მეტი ყურადღება მოდის. ორი ქვეყნის მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ის ადამიანები დასავლეთში, რომლებიც უკრაინის დახმარებას ცდილობენ საქართველოზეც ზრუნავენ.
იმ პოლიტიკურ განხილვებში, რომლებსაც მე და თქვენ ყოველ დღე ვადევნებთ თვალს, კარგად ჩანს რომ ერთ ფაქტორს დიდი ყურადღება ექცევა - ნატოს გაფართოება უახლოეს მომავალში არ იგეგმება და რატომ გავაღიზიანოთ პუტინი, თუ საუბარს ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყვება. საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება, მაგრამ მანამდე სხვა ბევრი საკითხი იქნება გადასაჭრელი.
როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველომ საკუთარი თავი უკრაინის საკითხებს უნდა დაუკავშიროს?
კი, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დოზით. მოდით ამას თანამშრომლობა დავარქვათ და არა დაკავშირება. პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უკრაინას ეფექტურად ეხმარებიან ზედმეტი ხმაურის გარეშე. ვფიქრობ ამის გაკეთება საქართველოსაც შეუძლია.
საინტერესო თემაა ის, თუ როგორ ლობირებენ ქვეყნები ვაშინგტონში. პოლონეთი და ესტონეთი, მაგალითად, ამას ძალიან კარგად აკეთებენ, უკრაინა კი ძალიან ცუდად. ვფიქრობ საქართველოს შეუძლია უფრო ეფექტურად აწარმოოს საკუთარი პოზიციის ლობირება. რუსეთი დიდი ქვეყანაა და ლობირების გარეშეც ყველა დიდ ყურადღებას აქცევს. საქართველოს და უკრაინის დავიწყების პოტენციალი კი არსებობს.
რომ შევაჯამოთ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები, თქვენი აზრით, რა ისწავლა ამ ომიდან დასავლეთმა?
რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთმა ვფიქრობ ბევრი ვერაფერი ისწავლა. პუტინის მიუნხენის სიტყვის შემდეგ, დასავლეთს წესით უნდა დაენახა, რომ რუსეთი აგრესიული სახელმწიფო ხდებოდა. 9 წლის წინ რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგაც, დასავლეთს წესით უნდა დაენახა რუსეთის მტრული დამოკიდებულება. მაგრამ ეს არ მოხდა, რაც კარგი მაგალითია იმის, რომ დასავლეთის ყურადღება მოდუნებული იყო. 2-3 წელი დავკარგეთ იმის დადგენაზე, თუ ვინ მოადინა კრემლის რეაგირების პროვოცირება. ამის შემდეგ გვქონდა „გადატვირთვა“ რუსეთთან, რაც ამ გადმოსახედიდან გულუბრყვილოდ ჩანს. დასავლეთმა ვერაფერი ისწავლა, რუსეთმა კი რეგიონში გავლენა გაზარდა.
რუსეთმა რა ისწავლა?
რუსეთმა ბევრი რამ ისწავლა, როგორც კარგი, ასევე ცუდი. უარყოფითი ის იყო, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ გამოჩნდა სისუსტეები რუსეთის არმიის საქმიანობაში. სწორედ საქართველოში მიღებული გამოცდილების საფუძველზე გააუმჯობესეს მათ სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინაში გაცილებით ეფექტურად გამოიყენეს. მეორე თემა რუსეთის რბილი ძალა და საინფორმაციო ომია, რომელიც აგვისტოს ომის დროს არაეფექტურად გამოიყენეს. ომის შემდეგ ამას მიხვდნენ და მეთოდები დახვეწეს. დღეს, მოგეხსენებათ, საინფორმაციო ომი მათი სამხედრო დოქტრინის ნაწილია. რუსეთმა ეს ორი სისუსტე საქართველოსთან ომში დააფიქსირა და მოგვიანებით ისინი გამოასწორა. დასავლეთს ამ ომიდან ბევრი არაფერი უსწავლია.
რუსეთმა ისიც ისწავლა, რომ ევროპის დაყოფა შესაძლებელია და რომ დაყოფილი ევროპის მანიპულირება გაცილებით ადვილია. სარკოზის შეთანხმება დაყოფილი დასავლეთის მაგალითია. საქართველოს მაგალითს რუსეთის მოდელად იყენებს სხვა ბევრ საკითხში.