დობრიანსკი: ამერიკამ ღირებულებები ყველგან უნდა დაიცვას და სადაც საჭიროა, ძალა უნდა აჩვენოს

სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე გლობალური საქმეების მიმართულებით, პოლა დობრიანსკი ამბობს, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა რუსეთი ისეთ ჯგუფებში, როგორიც დიდი შვიდეულია, არ უნდა დააბრუნონ. ის ასევე მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ გლობალური მაგნიტსკის აქტი უფრო მძლავრად და ეფექტურად გამოიყენოს.

მას არ აქვს მოლოდინი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა ექნება. თუმცა დასძენს, რომ ჯერ არ ვიცით როგორი იქნება პრეზიდენტ ბაიდენის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. დობრიანსკი ასევე ამბობს, რომ ამერიკამ ძალის დემონსტრირება ყველა საჭირო შემთხვევაში უნდა მოახდინოს, იქნება ეს ევროპაში, თუ არქტიკაში, სადაც რუსეთი სამხედრო ბაზებს აშენებს. პოლა დობრიანსკის "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ის განიხილავს რუსეთის მიმართ შესაძლო მოქმედების კურსს ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს და რა უნდა მოხდეს?

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს ნავალნის მოწამვლის გამო. ვფიქრობ, აქ არა მხოლოდ სიტყვებით უნდა გამოვთქვათ ჩვენი შეშფოთება ადამიანების სასტიკი ცემის, მოწამვლისა და ნავალნის დაპატიმრების გამო, არამედ ასევე უნდა არსებობდეს კონკრეტული და ხელშესახები მოქმედებები. ძალიან მიზანმიმართულმა სანქციებმა ნამდვილად შეიძლება იქონიოს გავლენა. ამაში გლობალური მაგნიტსკის აქტის ამოქმედებაც შედის. ჩვენ ეს კანონი უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებმაც მოსახლეობისთვის ფაქტობრივად არაფერი გააკეთეს. უნდა არსებობდეს მოქმედების ხელშესახები კურსი. ეს არის ზოგიერთი ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკის შესაძლო პოლიტიკა რუსეთის მიმართ და ნავალნის მომავალი

როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა რუსეთთან კიდევ ერთი გადატვირთვა?

ეს ჯერ უცნობია. მიმდინარე ადმინისტრაციამ მკაფიოდ ისაუბრა რუსეთზე და თქვა, რომ ის მიიღებს ზომებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ გადატვირთვის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთში არა მხოლოდ ოპონენტებს აპატიმრებენ, არამედ მათ წინააღმდეგ მასობრივ სისასტიკეს აქვს ადგილი. აქ ერთსაც დავამატებ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი უნდა დავაბრუნოთ სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფებში. მაგალითად, დიდ შვიდეულში. მე ვიტყოდი, რომ რუსეთი არ უნდა დაბრუნდეს დიდ შვიდეულში იმის გამო, რომ მისი მოქმედებები ამ ნაბიჯს არ ამართლებს.

მოგეხსენებათ, ამ ადამიანების არგუმენტი ისაა, რომ თუ მათთან არ ვითანამშრომლებთ და დიალოგში არ ჩავრთავთ, როგორ შეგვიძლია მათზე გავლენა ვიქონიოთ?

არსებობს მათი ჩართვის სხვა გზებიც, რომლებსაც რუსეთზე უფრო ფართო პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლია. ბაიდენის ადმინისტრაციამ, როგორც იცით, გადაწყვიტა „ახალი სტარტის“ ხელშეკრულების განახლება. არიან ექსპერტები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან და სხვები, რომლებიც ამ ნაბიჯს ემხრობიან. მე მაინც ვიტყოდი, რომ მივესალმები და მჯერა, რომ ადმინისტრაციას აქვს სურვილი ამ ძალისხმევაში ბალანსისთვის ჩინეთიც ჩართოს. ეს მიზანშეწონილია, რადგან როგორ შეიძლება ბირთვულ საკითხებზე ერთ ქვეყანასთან მოლაპარაკება აწარმოო და არ ჩართო ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია.

Your browser doesn’t support HTML5

ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს

როგორ ფიქრობთ, რა რეაგირებას მოახდენს შეერთებული შტატები „სოლარ უინდის“ სახელით ცნობილ უპრეცედენტო და მასობრივ კიბერ-თავდასხმაზე? ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა, ცოტა ხნის წინ, დაადასტურეს, რომ თავდასხმა რუსეთიდან იყო ორგანიზებული. წინა ადმინისტრაციამ ხელშესახები ნაბიჯები არ გადადგა. ამ ეტაპზე, არც ბაიდენის ადმინისტრაციისგან ჩანს ქმედითი ნაბიჯები. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ადმინისტრაციამ კიბერ-თავდასხმების, განსაკუთრებით, რუსეთიდან წამოსული საფრთხეების წინააღმდეგ?

აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა სახის ნაბიჯები გადავდგათ. კონგრესმა ამ საკითხის განხილვა დაიწყო და რამდენადაც მე მესმის, ისინი მთელი რიგი სანქციების დაწესებაზე ფიქრობენ, იმის საჩვენებლად, რომ ამგვარი თავდასხმების განხორციელება მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე და რომ ამას შედეგები მოჰყვება. ასევე, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეალურად ითანამშრომლებს ევროპასთან და ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ხელშესახებ და კონკრეტულ გზებს ამ საკითხების გადასაჭრელად ნატოს ფარგლებში უნდა ვეძებდეთ. უნდა მოვნახოთ გზები, რომლებიც კოლექტიურ მოქმედებებზე იქნება დაფუძნებული და რომლებსაც რეალური გავლენის მოხდენა შეეძლება.

ბოლო 12 წლის განმავლობაში - ობამას ადმინისტრაციიდან დაწყებული, შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის დროს და ახლა უკვე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში - რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეული გაკვეთილები ვისწავლეთ. ობამას დროს იყო გადატვირთვა, რომელიც ცუდად დამთავრდა, ტრამპისგან იყო დამოკიდებულება, რომ 'რატომ არ შეიძლება კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან'. არც ეს მიდგომა იყო წარმატებული. ბაიდენის ადმინისტრაცია, ცხადია ჯერ ძალიან საწყის ეტაპზეა, მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს უკვე დაურეკა და გამოქვეყნდა განცხადებები, რომ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ იმ საკითხებში, სადაც ჩვენი ინტერესები იკვეთება. ეს წინა ადმინისტრაციების მიდგომას ჰგავს. გამომდინარე მიღებული გამოცდილებიდან, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ბაიდენის პოლიტიკა რუსეთის მიმართ?

ასევე ნახეთ: ბაიდენ-პუტინის სატელეფონო ზარი: რას ნიშნავს და რაზე მიანიშნებს ეს საუბარი?


ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ ლეღვის ფოთლების დაფარება მაშინ, როცა სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ. ეს პირველი საკითხია. მეორე საკითხი ისაა, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, პარტნიორები და მეგობრები. ამ მიზნის მისაღწევად, ვფიქრობ, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მოწმე გავხდით, როცა ევროპაში ჯარის მოწინავე დისლოცირება დავიწყეთ. აქტიურად უნდა ვიფიქროთ ნატოზე, ჩვენს სამხედრო განლაგებაზე, ევროპაში მოწინავე დისლოცირებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ არქტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი არქტიკაში ბაზებს აშენებს.

ასევე ვფიქრობ, აქტიურები უნდა ვიყოთ ეკონომიკურ და ენერგეტიკის სფეროში. წინა ადმინისტრაცია აბსოლუტურად სწორი იყო იმაში, რომ რუსულ მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2-ს" ეწინააღმდეგებოდა. ენერგო-დივერსიფიკაცია უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ ყველაფერს უნდა დაემატოს გლობალური მაგნიტსკის აქტი, რომელიც არა მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვაში დაგვეხმარება, არამედ დაიცავს ჩვენს ღირებულებებსაც.

ასევე ნახეთ: "ძვირს დავუჯენთ" - ბაიდენის გაფრთხილება რუსეთს

ამ ღირებულებებს ხშირად ესხმიან თავს. ჯერ კიდევ 2007 წელს თქვა პუტინმა, რომ დასავლური ფასეულობები რუსული ფასეულობები არ არის. ამ თვალსაზრისით, არ შეიძლება ვიყოთ კომფორმისტები. ჩვენს ღირებულებებზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და ეს მძლავრად უნდა გავაკეთოთ. უნდა ვაჩვენოთ ძალაც, იქნება ეს არქტიკაში თუ ევროპაში.

ბოლოს კი იმას დავამატებ, რაც თქვენც ახსენეთ - კიბერ-უსაფრთხოება უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და მასთან ერთად დეზინფორმაცია. ეს არის სფეროები, სადაც სტრატეგიული ხედვა უნდა შევიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ წავიდეთ წინ და როგორ შევეწინააღმდეგოთ მასობრივი დეზინფორმაციის კამპანიებს, რომლებიც ყველა ჩვენს საზოგადოებაში მოქმედებს.