იმ ფონზე, როდესაც შეერთბულ შტატებში ადმინისტრაციასა და კონგრესში რესპუბლიკელებს შორის უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით დაპირისპირება გრძელდება, უკრაინისთვის აქამდე გამოყოფილი დახმარება თითქმის ამოიწურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვია. მისი მიზანი, ხუთშაბათს, ზამთრის შესვენების დაწყებამდე, კიევისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფაზე კანონმდებლების დაყოლიებაა.
მაშინ, როცა პოლიტიკოსები გამოსავალს ეძებენ, უკრაინაში ფრონტის ხაზზე ცივი ზამთარი დადგა და ივნისში დაწყებული კონტრიერიში წინ ნელი ტემპით მიიწევს. როგორი მდგომარეობაა ფრონტზე? რა მოლოდინები არსებობს F-16-ების უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით? ამ და სხვა თემებზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის უფროს მკვლევარს და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, ნიკო ლანგეს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ინტერვიუ დარედაქტირებულია სიცხადისა და შემოკლების მიზნით.
რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე?
სიტუაცია რთულია, რადგან უკრაინის კონტრიერიშმა მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია და ახლა, უკრაინა ერთის მხრივ უნდა მოემზადოს რუსეთის ახალი თავდასხმებისთვის და მეორეს მხრივ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავდასხმითი ოპერაციების გაგრძელება შეძლოს. და ეს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე კვირაში უკრაინა F-16-ებს [ტიპის თვითმფრინავებს] მიიღებს. მცირე მასშტაბის მოქმედებები მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის ორივე მხარე გადაღლილია. ამას კი ცივი ამინდი ემატება, რაც ფრონტის ზოგიერთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებებს ძალიან ართულებს.
Your browser doesn’t support HTML5
რა კავშირია F-16-ებსა და გადაჯგუფებას შორის? როგორ ხედავთ ოპერაციის ამ ნაწილს?
უკრაინამ ოპერაციები სამხრეთისკენ გადაიტანა - ყირიმთან ახლოს და ასევე მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის გასამაგრებლად, ხერსონთან საკმაოდ ახლოს. ამ პოზიციის შენარჩუნება ამ მომენტისთვის რთულია იმის გამო, რომ იქ რუსული საჰაერო ძალები უწყვეტად მუშაობს. მაგრამ როცა F-16 ები ჰაერში იქნება, რუსული ავიაცია მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და შეიძლება ამ ტერიტორიას შედარებით მოერიდოს. ასევე, უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს ყირიმზე ზეწოლის განხორციელების მხრივ და მათ ყირიმის დაბრუნება საკუთარ მიზნად გამოაცხადეს. ვფიქრობ, ვნახავთ ფრონტის სამხრეთ-დასავლეთში უფრო მეტ ოპერაციას. გადაჯგუფება შესაძლოა ამიტომ გააკეთონ, რადგან მათ ფრონტის მთელ ხაზზე იერიშის ყველგან მიტანისთვის საკმარისი რესურსი არ აქვთ. რის გამოც მგონია, რომ აღმოსავლეთში ისინი სტრატეგიული თავდაცვის რეჟიმში გადავლენ და რუსეთის შეტევის შეჩერებას ეცდებიან.
ასევე ნახეთ: ზელენსკი დღეს კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრებს მართავსფრონტის გაყოფის შემთხვევაში, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ჯარს საკმარისი რესურსი არ ჰქონდეს ერთი ან მეორე ოპერაციისთვის?
დაუყოვნებელ საფრთხეს ვერ ვხედავ, როგორც ამას დღეს ბევრი ამბობს და უიმედო სიტუაციას ხატავს. სამხედრო სიტუაცია არ შეცვლილა იმის გამო, რომ ჩვენ სხვანაირად ვსაუბრობთ ომზე. მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში, ვფიქრობ ამუნიციის სტაბილური მიწოდება მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით არტილერიის და გრძელი რადიუსის ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის. თუ უკრაინას საბრძოლო მასალის დეფიციტი გაუჩნდა, შეიარაღებულ ძალებს ცხადია მოუწევთ პრიორიტეტების გადალაგება. შესაძლებელია მათ ვერ შეძლონ აღმოსავლეთში მძლავრი შეტევების განხორციელება და მხოლოდ რუსეთის შეჩერება მოახერხონ. აქ საფრთხე ისაა, რომ თუ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ, რუსეთს შესაძლოა ლიმიტირებული გარღვევები ჰქონდეს, რამაც შესაძლებელია ბრძოლის ველზე სურათი შეცვალოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დახმარების საკითხი რისკის ქვეშ დადგა და უკრაინელებს ახალი რესურსების მიღების იმედი აღარ ექნებათ.
აქვს თუ არ ზამთარს გავლენა რუსეთის საბრძოლო ოპერაციებზე?
კი და ძველი გამონათქვამი, რომ „გენერალი ზამთარი“ რუსების მხარეზეა, ამ ომში მცდარი შეფასებაა. ზამთრის ომის წარმოება ძირითადად დისციპლინას უკავშირდება და რუსულ ჯარს დისციპლინის პრობლემა აქვს. ამაში შედის მშრალი ტანსაცმლის სველისგან განცალკევება, ნივთების სიმშრალის შესანარჩუნებლად მკაცრი რეჟიმის ქონა. თუ ჯარში არ არის დისციპლინა, თუ ამაში ალკოჰოლიც არის ჩართული, რუსეთის ბევრი ჯარისკაცი საომარ ღირებულებას კარგავს. უკრაინის ჯარი არა მხოლოდ უკეთესადაა გაწვრთნილი, არამედ უკეთესადააა შეიარაღებული. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს სად გამოაზამთრებ შენს ჯარს - ღია მინდორზე თუ განაშენიანებულ თუ ქალაქის ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორიაზე. რუსეთს ფრონტის ბევრ სეგმენტზე უპირატესობა არ აქვს, პირიქით, ვფიქრობ ისინი უფრო რთულ მდგომარეობაში არიან ვიდრე უკრაინელები.
ასევე ნახეთ: უკრაინელი მფრინავები აშშ-ში "ეფ-16"-ების სამართავად გადამზადდებიანრა სახის რეალური სარგებლის მოტანა შეუძლია F-16-ებს ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალებისთვის? და აქვთ თუ არა რუსებს საჭირო და საკმარისი შეიარაღება იმისთვის, რომ ამ თვითმფრინავების, მათი პილოტების წინააღმდეგ გამოიყენონ?
შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ვნახე როგორ მართავენ უკრაინელი მფრინავები F-16-ს. ეს მშვენიერი სანახავია. ეს ადასტურებს იმას, რომ ყველა, ვინც ამბობდა, რომ ისინი დროულად ვერ ისწავლიდნენ ამ თვითმფრინავების მართვას და რომ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, ძალიან ცდებოდა. უკრაინელი პილოტები F-16-ებს უკვე მართავენ, წვრთნას ახლაც აგრძელებენ და მალე ისინი უკრაინის ცაში იფრენენ. ეს თვითმფრინავები გარდატეხის მომხდენი ვერ იქნება. სიმართლე ისაა, რომ ვერც-ერთი მხარე ნამდვილ საჰაერო უპირატესობას ვერ მიაღწევს იმის გამო, რომ ორივე მხარეს საკმაოდ ბევრი და საკმაოდ კარგი ანტი-საჰაერო სისტემები აქვს. მაგრამ ადგილობრივ დონეზე საჰაერო უპირატესობის მოპოვება შესაძლებელია საკუთარი სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად. F-16-ები ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის საჰაერო ძალებისთვის იქნება, რომელსაც მოუწევს საკუთარი თვითმფრინავები ფრონტის ხაზს მოარიდოს. დღეს რუსები იაფფასიან უმართავ ბომბებს იყენებენ, რომლებსაც ფრონტთან ახლოს მდებარე უკრაინის ქალაქებსა თუ ქვეით ჯარს უბრალოდ ზემოდან აყრიან. როცა F-16-ები ჰაერში იქნება, რუსები ამის გაკეთებას ვეღარ შეძლებენ. მარტივად რომ ვთქვათ, "ეფ-16"-ებს უფრო მეტად თავდაცვის ფუნქცია ექნებათ. ჰაერში თვითმფრინავების ბრძოლა ალბათ არ იქნება და ეს თვითმფრინავები. ალბათ არც უკრაინულ ქვეით ჯარს გაუწევენ ახლო საჰაერო მხარდაჭერას, მაგრამ ისინი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმაში, რომ უკრაინის ჯარს მანევრირების საშუალება მისცეს.
ჯარშიც იგრძნობა ეს დაღლა და შემართების დაკარგვა? რამდენად ახერხებს უკრაინის ჯარი მოტივაციის შენარჩუნებას?
ასევე ნახეთ: უკრაინასთან ომში რუსეთმა კიდევ ერთი გენერალი დაკარგაუკრაინელები საკუთარი სამშობლოს დასაცავად იბრძვიან და მათი შემართება ყოველთვის გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე რუსებისა, რომლებმაც ხშირად არ იციან რისთვის და რატომ იბრძვიან. ვფიქრობ, მოტივაციის თვალსაზრისით კი, ისინი დაიღალნენ, კი ისინი გამოიფიტნენ, კი ისინი უკმაყოფილო არიან კონტრიერიშით, მაგრამ ძალიან მოტივირებულები არიან საკუთარი სახლების დაცვის ბრძოლაში. ასევე, არ მგონია რომ რესურსების შემცირების შემთხვევაში ისინი დანებდნენ. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ქვეყანაში დიდი ნდობით სარგებლობს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ხელი შევუწყოთ იარაღის მიწოდების უზრუნველყოფით. ვფიქრობ, დამატებითი წარმატების მიღწევა დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული და ვფიქრობ წარმატებასთან ერთად მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება და ერთიანობის შენარჩუნება გაადვილდება.
ამ ეტაპზე აქვს თუ არა კონტრიერიშს შანსი, რომ იმ წარმატებას მიაღწიოს, რომლის იმედიც მის დასაწყისში ჰქონდა ყველას?
კონტრიერიშს ჰქონდა ლიმიტირებული წარმატებები, რომლებზეც ხშირად არ საუბრობენ. ოდესის პორტის გათავისუფლება და ყირიმის დასავლეთ ნაწილის ზეწოლის ქვეშ მოქცევა, ის რომ უკრაინული მარცვლეული ქვეყნიდან ისევ გადის, უდიდესი სამხედრო წარმატებაა. ასევე ვერ ვიტყვით, იმას, რომ კონტრიერიში ჩავარდა. რუსეთის ჯარიდან ხალხის გადინების მაჩვენებელი იმდენად მძიმეა, რომ მათ ახალი თავდასხმების წარმოება აღარ შეუძლიათ და ამისთვის სამხრეთში განლაგებულ რეზერვებს იყენებენ. ესეც კონტრიერიშის დამსახურებაა. ყველაფრის კვადრატული კოლომეტრებით გაზომვა ან რუკაზე ასახვა არ შეიძლება. ამ მხრივ, იმედი მაქვს უკრაინა მეტს მიაღწევს. თუ იარაღის და საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის და სათადარიგო ნაწილების მიწოდება უწყვეტად გაგრძელდა. ჩვენ ყველამ ასევე ვნახეთ, რომ ომი ძალიან, ძალიან ნელა მიმდინარეობს. ეს არ არის მექანიზებული ომი სწრაფი ოპერაციებით. ეს არის ქვეითი ომი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს. ამის გამო, ვფიქრობ 2024-შიც არ იქნება სწრაფი მანევრები და ომი ძალიან ნელა გაგრძელდება. ეს იქნება ჩვენი გამძლეობის ტესტი, იქნება ტესტი უკრაინისთვის და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერის გამძლეობის ტესტი.