ქართველი სტუდენტი, მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი, ამერიკაში სამკვირიანი პროგრამით საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის “ინგლისურად მოსაუბრეთა კავშირის” კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჩამოვიდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სხვადასხვა ენის და კულტურის წარმომადგენელთა კომუნიკაციის უნარების და თავდაჯერების გაზრდით, მათში არსებული პოტენციალის მეტად გამომჟღავნებას და აუდიტორიით მეტად უზრუნველყოფას.
საქართველოს შესახებ მომზადებული პრეზენტაციით, “მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა მისი შექმნაა”, მანანა რამდენიმე შტატის სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე წარსდგა. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შეერთებული შტატების პოლიტიკოსები, კანონმდებლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები.
მოგზაურობის დასასრულს, მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის 20 წლის ქართველმა სტუდენტმა ამერიკაში ინგლისურ ენაზე საჯარო გამოსვლების უნიკალური გამოცდილება მიიღო, მან თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილს მაია ქვარცხავა ესაუბრა.
მოდი, პირველი იმედგაცრუებით დავიწყოთ. რა იყო პირველი მოულოდნელი რამ, რამაც გაგაოცა ამერიკაში, რასაც არ ელოდი?
ველოდი, რომ ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული და საათივით აწყობილი იქნებოდა, მაგრამ არც ასეა თურმე საქმე და ამერიკის მსგავს განვითარებულ ქვეყნებშიცაა ისეთი წვრილმანი უწესრიგობები, რაც ადრე უფრო ჩვენი ქვეყნის პრობლემა მეგონა.
მაგალითად?
მაგალითად, ნიუ-იორკიდან პენსილვანიაში ავტობუსით უნდა წავსულიყავი და ყველა საინფორმაციო ჯიხურთან სხვადასხვა პლატფორმაზე მიშვებდნენ. ამიტომ დავაგვიანე და ავტობუსი გამოვტოვე. ადრე ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ მარტო საქართველოში ხდება და ზედმეტად ვინერვიულებდი. მაგრამ, თურმე ეს ჩვეულებრივი ამბავია. გამაოცა მომსახურების სფეროს არაპროფესიონალიზმმა და მივხვდი, რომ ეს დიდი ტრაგედია არ არის და გამოსწორებადია.
თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ ამერიკაში, ჩემი აზრით, შეცდომას ერთმანეთს უფრო პატიობენ, უფრო ოპტიმისტურად უყურებენ და ერთმანეთს გამოსწორების შანსს აძლევენ, გეხმარებიან კიდეც გამოსწორებაში. საქართველოში კი მეორე შანსის მიცემა არ უყვართ, შენ თვითონ უნდა იყო ძლიერი, წამოდგე, გამოასწორო შეცდომა და სრულიად მარტო წინ წახვიდე.
როგორ გგონია, რატომ ხდება ასე?
არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ზოგადად, დაკვირვებული ვარ, რომ რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, მით მეტი მიმღებლობა აქვს, უფრო გპატიობს და ახალ შანსსაც გაძლევს. მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ, შეცდომით, ყველანაირი ნაკლით. უნაკლო და უშეცდომო ხომ არავინ არ არის?
დამეთანხმებით, რომ არ არსებობს ძლიერი ადამიანი, რომელსაც წარუმატებლობა არ განუცდია. ასეთი ძალიან ბევრია საქართველოშიც, მათ დირექტივაც მოუციათ ჩემთვის დასახმარებლად. მაგრამ, ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ უმრავლესობა ასეთია. შეიძლება ეს შიშის ბრალია, ეშინიათ შეცდომის, წარუმატებლობის ფობია აქვთ და აღარც რისკავენ.
რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამერიკაში?
არასდროს დამავიწყდება ვაშინგტონის კაპიტოლიუმი, თავისი საოცარი ისტორიით, თითოეული კაბინეტის და ოთახის საინტერესო თავგადასავლით. ვაშინგტონში ყველაზე კარგად იგრძნობა აბრაამ ლინკოლნის, რონალდ რეიგანის და მათი მსგავსი ლიდერების სული.
ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოქმედი ამრიკელი კონგრესმენების და სენატორების უშუალობამ. ეს უაღრესად დაკავებული ხალხი საათობით ინტერესით გისმენს და გესაუბრება რიგით სტუდენტს, როგორც თავის თანასწორს. ასევე აღმაფრთოვანა იმან, რომ სრულიად გამჭვირვალედ გპასუხობენ ამა თუ იმ კითხვაზე და გიხსნიან, თუ როგორ მუშაობს მათთან ესა თუ ის პოლიტიკური სისტემა.
ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ვაშინგტონში მდებარე ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრატურის კურსის სტუდენტებს შევხვდი. პრეზენტაციის შემდეგ, ორსაათიანი დისკუსია გვქონდა და ამ აუდიტორიაში თავი ალბათ ცხოვრებაში ყველაზე უფრო კომფორტულად ვიგრძენი.
თუმცა, ამერიკაში სხვაგვარ ჯგუფებსაც შევხვედრივარ. ისეთი სტუდენტებიც იყვნენ, რომლებიც არც კითხვებს მისვამდნენ, არც მომზადებულან შეხვედრისთვის, საქართველოც არ იცოდნენ სად იყო რუკაზე, სულ მობილურ ტელეფონში იყურებოდნენ.
პიროვნულად რომელმა ამერიკელმა დატოვა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და რატომ?
რამდენიმე ადამიანმა. პირველ რიგში დავასახელებდი პროფესორ ჯონ შოსკის, რომელიც უჭკვიანესი ადამიანია, ამჟამად ლექციებს კითხულობს ამერიკის უნივერსიტეტში და ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მომხსენებლად, გამოსვლებს უწერდა რამდენიმე ამერიკის პრეზიდენტს. გამაოგნა მისმა თავმდაბლობამ და სწორედ მასთან ურთიერთობამ დამარწმუნა იმაში, რაზეც ადრეც მსმენოდა: რაც უფრო გენიალურია ადამიანი, მით უფრო თავმდაბალია. მან მომცა ძალიან საჭირო რჩევები, გამაკრიტიკა კიდეც და ძალიან, ძალიან გამამხნევა, როცა მითხრა, რომ მე გავხდები ლიდერი და მსოფლიოში მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებ.
ასევე დიდი შთაბეჭდილება დატოვა პენსილვანიის სენატორმა მაიკ ფოლმერმა. მას ჰარისბურგის კაპიტოლიუმში შევხვდი. ის ხელფასს არ იღებს, მთლიანად ქველმოქმედებაში რიცხავს და ათწლეულებია მოხალისედ მუშაობს. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და დამპირდა, რომ ნებისმიერ დროს დაეხმარება და ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის, რაც მისი შესაძლებლობების ფარგლებშია.
კიდევ ერთ ადამიანზე უნდა გითხრათ, რომლის სახელი და გვარი არც ვიცი. როცა ვაშინგტონში სენატის ოფისებს ვათვალიერებდით, ჩავუარეთ სენატორ ჯონ მაკკეინის კაბინეტს. მაშინ ის უკვე გარდაცვლილი იყო. ოთახიდან ვიღაც კაცი გამოვიდა. ვიკითხეთ, თუ რატომ იყო ის იქ, ცარიელ კაბინეტში. ამ ადამიანმა გვითხრა, რომ მაკკეინთან 15 წელი მუშაობდა და მისი თანამშრომლები, ვისაც სენატორი ძალიან ენატრება, ხშირად დადიან მის კაბინეტში და იგონებენ მის მებრძოლ სულს, ან სულაც ჩუმად არიან. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავი, ჩამეხუტა და უდიდესი სიყვარული და მოწიწება გამოხატა ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს თავისუფლებისადმი სწრაფვის მიმართ, რადგან კარგად იცოდა, თუ როგორ უყვარდა საქართველო მაკკეინს.
მაშინ დავფიქრდი და მივხვდი, რა არის ის მთავარი, რაც საქართველოს და ამერიკას აერთიანებს, რატომ არიან ისინი ასეთი მტკიცე პარტნიორები. ალბათ ეს თავისუფლების ძალიან დიდი სიყვარულია.
ყველაზე უფრო რა არ მოგეწონა ამერიკაში?
ეს ძალიან რთული კითხვაა. არ მინდა ცუდის გამოყოფა, ყველაფერი გამოსწორებადია. თავიდან უჩვეულოდ მეჩვენა ამერიკის კულტურული თავისებურებები, განსაკუთრებით ყველაფრის წინასწარ დეტალურად დაგეგმვა. მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდია, რადგან ძალიან მალე გავიგე, თუ რატომ ხდება ეს. ისინი დროს მეტად აფასებენ თავს მეტად იზღვევენ, რომ ესა თუ ის ღონისძიება, თუნდაც სტუმართან ერთად საუზმე არ ჩაიშალოს და ტყუილუბრალოდ ბევრი დრო არ დაკარგონ.
რა თვისება მოგეწონა ამერიკელების ყველაზე მეტად, რასაც რომ შეგეძლოს, საქართველოშიც თან წაიღებდი?
ალბათ უფრო მეტად დავაფასებდი საკუთარ ქვეყანას. ამერიკელების უმეტესობამ, ვისაც მე შევხვდი, ძალიან კარგად იცის თავისი ქვეყნის ფასი, რასაც ვერ ვიტყვი ქართველებზე. უზომოდ კრიტიკულები ვართ და მგონი ვერ ვხვდებით, რომ ეს არის აბსოლუტურად გენიალური ქვეყანა, ამოუწურავი, უძველესი, უმდიდრესი რესურსით. მგონია, რომ ამას სათანადოდ ვერ ვაფასებთ. 30 წლის წინანდელ შენობაზე ამერიკელი ისე სათუთად, ისე აღტკინებით, ისე სიყვარულით გიყვება, გათვალიერებინებს და თითოეულ აგურს უფრთხილდება, რომ ძალაუნებურად გული დაგწყდება.
ხანდახან მეჩვენება, რომ შეიძლება, მე-12 საუკუნის ნაგებობებს ჩავუაროთ საქართველოში და არც კი ვიცოდეთ, არ ვუფრთხილდებოდეთ და ასე არ გვიყვარდეს. აი ამას წამოვიღებდი, საკუთარი ქვეყნის დიდ სიყვარულს და პატივისცემას.
შეიძლება ეს ყველაფერი საბჭოთა პერიოდის ბრალი იყოს და იმ პერიოდში გამჯდარი განწყობების. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ შესაძლოა ეს იყოს მთავარი მიზეზი. სისტემა ხომ მაშინ მაქსიმალურად ცდილობდა, ჩაეკლა ჩვენში ეროვნულობის, სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ცნობიერება. ფაქტია, რომ ვერ ვაფასებთ ჩვენს სამშობლოს ისე, როგორც უნდა ვაფასებდეთ.
შენ ამბობ, რომ ეს მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს. სხვა რა ფაქტორი უნდა იყოს?
შეიძლება კიდევ ჩვენივე ისტორია გვიშლიდეს ხელს. საქართველო თუ ერთიანდებოდა, მტრის წინააღმდეგ მხოლოდ. ამიტომ, როცა მტერი უშუალოდ არ გვიტევს, შეიძლება არ გვგონია, რომ უნდა ვიყოთ თავდადებულები. არც ეს მიზეზია გამორიცხული. ძალიან მწყდება გული და ამას აუცილებლად შევცვლიდი.
ხომ იცით, გამოთქმა “მტრის ჯინაზე?” არ მგონია მე ეს სწორი. მტრის ჯინაზე ომს მოვიგებთ, მაგრამ წინ ვერ წავალთ, ვერ განვვითარდებით. გაერთიანება, განვითარება და დაწინაურება სხვის ჯინაზე არ ხდება. მშვიდად, გონივრულად, ერთობით უნდა მოხდეს მიზნების დასახვა, დაგეგმვა და წარმატების მიღწევა.
ჩვენ კი მხოლოდ მაშინ ვერთიანდებით, როცა უკიდურესი გაჭირვებაა, თავს გვესხმიან და გადასარჩენად გვაქვს საქმე. რომ გადავრჩებით, მერე მგონი ცოტა ვზარმაცდებით და წინ წასვლაზე აღარ ვფიქრობთ, ან ვერ ვხედავთ მიზეზს, თუ რატომ უნდა გავერთიანდეთ ისევ.
შენი აზრით, როგორ გამოსწორდება ეს მდგომარეობა, რა გზით უნდა გაერთიანდეს საქართველო?
სიყვარულით, პირველ რიგში, უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ საქართველო.
როგორ უნდა მოხდეს ეს, როგორ მოდის სიყვარული?
სიყვარული მოდის მზრუნველობით. ამიტომ მგონია, რომ თუ დღესვე, თითოეული ჩვენგანი დაისახავს მიზნად, რომ უნდა იზრუნოს ჩვენი ქვეყნისთვის და მინიმალურს მაინც გააკეთებს, სიყვარული მოვა და უფრო გააზრებული სიყვარულიც. შენი სახლის წინ ქუჩას მაინც თუ დაგვი და ფოთლებს აიღებ, იქ ნაგავს მერე აღარ დაყრი. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნისთვის რაღაცას მაინც აკეთებ.
შესაბამისად, პროფესიონალებიც თუ თავის საქმეს მეტი კეთილსინდისიერებით და მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდებიან, ესეც ქვეყანაზე ზრუნვა და ქვეყნის სიყვარული იქნება. ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა და მისი განვითარება, სხვა არავის. მე მგონია, რომ ეს არის ციკლი: ზრუნვას მოაქვს სიყვარული და სიყვარულს მოაქვს ზრუნვა. ეს ყველას, თითოეულ ქართველს უნდა ესმოდეს.