დეტკე: ევროპაში რუსეთის მიმართ ახალი კონსენსუსი ყალიბდება

ანგელა მერკელი, გერმანიის ისტორიაში პირველი კანცლერია, რომელიც 15 წელზე მეტია რაც ქვეყნას მართავს. მერკელის მმართველობის პერიოდში გერმანიის შიგნით, ისევე როგორც საერთაშორისო არენაზე ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რყევა ვიხილეთ, იქნებოდა ეს ფინანსური და საიმიგრაციო კრიზისი, რუსეთ საქართველოს ომი, ყირიმის ანექსია თუ ახლა უკვე პანდემია, რა მემკვიდრეობას ტოვებს კანცლერი მერკელი და ვინ ჩაანაცვლებს მას, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ამ თემებზე, ჯორჯთაუნის უნივესრსიტეტის პროფესორს, დიეტერ დეტკეს ესაუბრა, გერმანიის და ევროპის კვლევების ცენტრიდან.

დავიწყებ კანცლერის ანგელა მერკელის მემკვიდრეობით. ის გერმანიის ისტორიაში ყველაზე გრძელი ვადით იკავებს თანამდებობას. როგორ შეაფასებთ მის მემკვიდრეობას იმ 15 წლის მანძილზე, რაც ის ხელისუფლებაშია?

ის არა მარტო ყველაზე დიდი ხანია რაც კანცლერია, არამედ მას რამდენიმე მთავარი კრიზისის გადალახვა მოუხდა. მისი თანამდებობაზე ჰყოფნის პერიოდში, ჩვენ გვქონდა ევროს, 2008 წლის ეკონომიკური, კატასტროფული საიმიგრაციო კრიზისი და ბოლოს ის ახლა პანდემიას უპირისპირდება. უნდა ვთქვა, რომ ზოგადად მან შესანიშნავი სამუშაო გასწია.

ასევე ნახეთ: დასავლეთში რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ

ყველაზე რთული პრობლემა მისთვის ლტოლვილთა კრიზისი იყო. მას მოუწია ემოქმედა ისეთ ვითარებაში, როცა 50,000 სირიელი ლტოლვილი ბუდაპეშტში, მატარებლის სადგურზე იყო გაჩერებული. მას სურდა დახმარება და ამან მას პრობლემებიც კი შეუქმნა გერმანიის შიგნით და ევროპის დონეზე. რა თქმა უნდა, შეგიძლია გააკრიტიკო მისი პასუხი, თუმცა ის ეცადა სწორად მოქცეულიყო. როგორც [საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ] მაკრონმა განაცხადა და ამას მეც ვიზიარებ, მან გერმანიას და ევროპას ღირსება შეუნარჩუნა. აქ ერთმანეთს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების პრინციპები უპირისპირდებოდა და ამ მოცემულობას, მან ვფიქრობ კარგად გაართვა თავი.

თქვენ ევროპის შიგნით კრიზისებზე გაამახვილეთ ყურადღება. თუმცა, კანცლერ ანგელა მერკელის მმართველობის განმავლობაში ის საგარეო დონეზეც ბევრი კრიზისის მოწმე იყო. მათ შორის იყო ომი საქართველოში, ყირიმის ანექსია და ახლა უკვე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა. როგორ შეიცვალა მისი პოზიციები რუსეთის და რეგიონის მიმართ მისი მმართველობის პერიოდში?

ვფიქრობ, მას უნდოდა პუტინის ქმედებების წინააღმდეგ ემოქმედა თუმცა, ამავე დროს, შეენარჩუნებინა დიალოგი რუსეთთან. მას არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინთან და პუტინს ის დიდად არ მოსწონდა. თუმცა, ის შეეცადა, ეპოვა გზა, რომელიც კონფლიქტამდე არ მივიდოდა. მას სურდა დაებალანსებინა დიალოგი და ზეწოლა. ეს კი რთულია და ამას მოჰყვა მისი კრიტიკა.

ასევე ნახეთ: ბაიდენი "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ზე: ეს ევროპისთვის ცუდი გარიგებაა

თქვენ ნავალნი ახსენეთ, ის რაც მოხდა მის გარშემო, მიუღებელია და ვფიქრობ ევროპაში ყალიბდება ახალი კონსენსუსი რუსეთის მიმართ. დღეს რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ევროპაში ბევრად უფრო კრიტიკულია. ეს სწორი პასუხია იმაზე, რაც ხდება. თუ რუსეთს ოდესმე სურს ევროპასთან დაახლოება, მთავრობამ ნავალნი უნდა გაათავისუფლოს.

წინა ადმინისტრაცია ვაშინგტონში ბერლინს მწვავედ აკრიტიკებდა [რუსული მილსადენის] "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტის გამო. ახალი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამ პოზიციას იზიარებს. მიუხედავად ადმინისტრაციის ცვლილებისა, ფაქტები უცვლელია. როგორ ფიქრობთ, დაიხევს ბერლინი უკან ამ საკითხზე, თუ არა?

არ ვფიქრობ, რომ უკან დაიხევენ. გერმანიის პოლიტიკად რჩება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტის შენარჩუნება, მიუხედავად კრიტიკისა. პროექტის 90 პროცენტი დასრულებულია და გერმანიას გაუჭირდება მისი გაუქმება. ისინი ვერ ხედავენ ამის საჭიროებას და მიზეზებს... ვფიქრობ, ამ პროექტს დაასრულებენ და შემდეგ ასეთ თანამშრომლობას ადგილი აღარ იქნება, აცნობიერებენ რომ ეს თავიდანვე ცუდი იდეა იყო.

არმინ ლაშეტი

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა პროექტს, კონგრესში ორივე პარტიას ძალიან მტკიცე პოზიცია აქვს მილსადენის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ურთიერთობისთვის გერმანიასთან?

გერმანიაში სექტემბერში მთავრობის ცვლილებაა მოსალოდნელი. [არმინ] ლაშეტი, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერად აირჩიეს, სავარაუდოდ აპრილში გახდება ოფიციალურად პარტიის კანცლერობის კანდიდატი. სექტემბერში დაგეგმილი არჩევნებით კი გერმანიის შემდეგი კანცლერი იქნება, "მწვანე პარტიასთან" ანდა "თავისუფალ-დემოკრატიულ პარტიასთან" კოალიციის მეშვეობით.

ასევე ნახეთ: გერმანია: ლავროვის განცხადება კავშირების გაწყვეტაზე "შემაცბუნებელია"

ეს ნიშნავს, რომ გერმანიაში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება და დაიწყება ახალი ათვლის წერტილი ევროპისა და ამერიკის ურთიერთობებში. ვიხილავთ უფრო ახლო თანამშრომლობას გერმანიასა და საფრანგეთს შორის. და სამმხრივ თანამშრომლობას ამ ორ ქვეყანასა და შეერთებულ შტატებს შორის.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაშეტი გერმანიის საზღვრისპირა რეგიონიდანაა, მას კარგი ურთიერთობა აქვს მაკრონთან, შესანიშნავად საუბრობს ფრანგულად და მშვიდობიანი სამეზობლო სურს. სახელმწიფო მდივანიც შეერთებულ შტატებში, ენტონი ბლინკენი, შესანიშნავად საუბრობს ფრანგულად. საინტერესო სამმხრივ თანამშრომლობას ვიხილავთ. მთავარი კლიმატური ცვლილებები იქნება და რა თქმა უნდა, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები.

თქვენ ახსენეთ არმინ ლაშეტი, სავარაუდოდ, მომავალი კანცლერობის კანდიდატი. მისმა პოზიციებმა პრეზიდენტ პუტინზე, რუსეთზე და ბაშარ ალ-ასადზე შეშფოთება გამოიწვია. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა [ყოფილი ორმაგი აგენტის, [სერგეი] სკრიპალის მოწამვლა და გააკრიტიკა ამერიკის ჩართულობა სირიაში. მისი ეს კომენტარები შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნებში და მის სამეზობლოში. როგორია მისი პოლიტიკური პოზიციები?

მისი პოზიცია, იმასთან შედარებით, რაც წასულში გერმანიის პოლიტიკა იყო, ნიუანსურად განსხვავდება და არა ფუნდამენტურად. რუსეთზე მან თქვა, რომ პუტინის დემონიზება არ უნდა მოვახდინოთ და დიპლომატიურად უნდა მივუდგეთ, თუ მასთან მუშაობას ვაპირებთ. იგივე შეეხება მის კომენტარებს სირიაზეც.

ასევე ნახეთ: რიტორიკა თუ სტრატეგია: ბაიდენის მიდგომა რუსეთთან

ლაშეტი იყო ინტეგრაციის და მიგრაციის მინისტრი ჩრდილოეთ ვესტფალიაში, მუშაობდა სირიელ ლტოლვილებთან და მისი ზედმეტსახელი „შევაიარაღოთ თურქეთია“, რადგან ის აცნობიერებდა, რომ საჭირო იყო თურქეთთან მუშაობა საიმიგრაციო კრიზისის გადასაჭრელად. ის რაც მან სირიაზე თქვა, არ იყო პირდაპირ ასადის მხარდამჭერი განცხადება, ეს იყო იმ კუთხით ნათქვამი, რომ სირიაში სამოქალაქო ომი იწვევდა ლტოლვილთა რაოდენობის ზრდას. მხოლოდ 2015 წელს გერმანიაში 500,000 თავშესაფრის მოთხოვნა დარეგისტრირდა.

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი

თუმცა, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სკრიპალების მოწამვლა, ეს ძალზედ მკვეთრი ნაბიჯია. იმ პირობებში, როცა ევროპაში ამაზე კონსენსუსია, მისი პოზიცია ძალზედ არატრადიციულად გამოიყურებოდა. თქვენი საუბრიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფიქრობთ, რომ პარტია მას ცენტრისკენ გადაწევს. რამდენად არის მისი ეს პოზიციები დაბრკოლება მისთვის გახდეს მომავალი კანცლერი, თუ ეს უკვე თითქმის გარანტირებულია?

არ ვფიქრობ, რომ ეს შეუქმნის მის პოზიციებს და ლიდერობის შანსებს პრობლემას. ლაშეტი მერკელის მსგავსად, ცენტრისტია. ის შეიძლება ცოტა უფრო პრო-ევროპულიც იყოს. თუ მერკელი გონებით უჭერდა მხარს ევროპას, ლაშეტი გულით ევროპელია. თუმცა, მისი ვიტყოდი „რბილი“ კრიტიკა ამერიკის მიმართ, და რუსეთის ნაკლები კრიტიკა, არ ვფიქრობ გახდეს პრობლემა მის მიერ ლიდერის როლის დაკავების საქმეში და არც დასავლური კონსენსუსისთვის.

ის ცენტრისტია, კაცი რომელსაც იცნობენ, როგორც კოალიციების მაშენებელს, რომელიც ცდილობს ურთიერთობების აშენებას და არა მათ დანგრევას. რა თქმა უნდა, ეს განცხადებები აჩენს იმ კითხვებს, რაც თქვენ დასვით და ეს ლეგიტიმურია, თუმცა ეს მას არ მოაქცევს ცუდ ბანაკში, ასე შორს არ წავა. ვფიქრობ ის ლეგიტიმური მიზეზებით ამბობს, რომ გვჭირდება როგორც შეკავება, ისევე დიპლომატია და უნდა ვიპოვოთ გზა, რომელიც ამ ორს გააერთიანებს. პრეზიდენტ [ემანუელ] მაკრონსაც მსგავსი მიდგომა აქვს. მასაც სურს მიაღწიოს კონსენსუსს დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ცენტრისტები ასე იქცევიან.

წარსულში ჩვენ ვიხილეთ, რომ საფრანგეთი და გერმანია ნატოს და ევროკავშირის გაფართოებას ეწინააღმდეგებოდნენ. თქვენ ორი ადამიანი გამოჰყავით, რომლებიც რუსეთთან დიალოგს ემხრობიან [მაკრონი და ლაშეტი] და ამ საკითხებზე ვაშინგტონისგან შედარებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, გერმანელების და ფრანგების წინააღმდეგობა იყო მთავარი მიზეზი იმის, თუ რატომ ვერ მიიღეს საქართველომ და უკრაინამ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა. რა პოზიციები აქვს გერმანიის მომავალ სავარაუდო ლიდერს ამაზე?

ეს საინტერესო კითხვაა, რადგან რუმინეთში ნატოს სამიტზე, გერმანიამ დაიკავა პოზიცია, რომ არ უნდა მიეცათ წევრობის სამოქმედო გეგმა [საქართველოსა და უკრაინისთვის] რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად, თუმცა ამავე დროს, გერმანია აცხადებდა, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი მომავალში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ქვეყანას, რომელსაც სურს იყოს დასავლეთის ნაწილი, ამის საშუალება უნდა ქონდეს. კიდევ ერთხელ, ეს იყო გარკვეულწილად ისევ ცენტრისტული პოზიცია, რომ ერთი მხრივ თავიდან არიდებულიყო დაპირისპირება რუსეთთან და მეორე მხრივ, ეთქვათ, რომ გრძელვადიანად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და რომ ის დასავლეთს ეკუთნის და მისთვის გზა ღია უნდა იყოს.

ასევე ნახეთ: აგვისტოს ომის საქმე "ICC"-ში და ნატო, როგორც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი

რაც შეეხება დღეს გაფართოების საკითხს, ლაშეტის მთავრობის პირობებში, გერმანია გააგრძელებს ნატოს და ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერას და ეს უკანასკნელი ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის მოიცავს ეკონომიკურ ინიციატივებს, რაც აღმოსავლეთ ევროპისთვის და ბალკანეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.

უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებები

დასავლეთ ბალკანეთის და მისი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, წინ წამოიწევა. საფრანგეთი ამას დიდად არ უჭერს მხარს, მაგრამ გერმანია მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც ამბობენ, რომ რაიმე უნდა გავაკეთოთ. ევროპამ ბალკანეთის ქვეყნები მისი ქოლგის ქვეშ უნდა მოაქციოს, და მერკელი და ლაშეტი ამას მხარს დაუჭერენ.

თუმცა, პრეზიდენტი მაკრონი საუბრობს ევროკავშირის შიგნიდან გაძლიერებაზე, ის დიდად არ ემხრობა გაფართოებას და მისი ინიციატივა, რომელიც შეეხებოდა წევრობის ახალი სისტემის შემოღებას, დასავლეთ ბალკანეთში დიდი მოწონებით არ მიუღიათ. თუმცა, ზოგადად, ასევე საუბარი მიდის იმაზე, რომ ამ ეტაპზე, როცა ევროკავშირი შიდა პრობლემებს უმკლავდება, დიდი ბრიტანეთის მიერ გაერთიანების დატოვების შემდეგ, გაერთიანების გაფართოების დიდი სურვილი არ არსებობს. რამდენად მიგაჩნიათ გაფართოება რეალისტურად, თუ ფიქრობთ, რომ დიდი დრო დასჭირდება ამ საკითხის დისკუსიის საგნად დაბრუნებას?

ამას დიდი დრო დასჭირდება. ვხედავთ დაღლას ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებით... თუმცა ევროპას აქვს პასუხისმგებლობა, რომ უფრო სწრაფად იმოქმედოს. თუ ევროკავშირს სურს ჰქონდეს სერიოზული გეოპოლიტიკური როლი მომავალში, როგორც ამას კომისიის პრეზიდენტი ამბობს, მან უნდა იმოქმედოს, მხოლოდ სიტყვები სიტუაციას არ შეცვლის. მსოფლიო მოთამაშე მარტო სიტყვების გამოყენებით ვერ გახდები, შენ ეს სიტყვები საქმით უნდა გაამაგრო.

ასევე ნახეთ: გარი კასპაროვი: ნავალნი გმირივით მოიქცა

ვფიქრობ ლაშეტი, ევროპაზე გააკეთებს აქცენტს და უზრუნველყოფს, რომ ევროპა შეერთებული შტატების უფრო ძლიერი პარტნიორი იყოს და გაზარდოს მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე და დასავლეთ ბალკანეთში. რუსეთს ამ სივრცეზე დიდი გავლენა აქვს, რომელიც თავიდან უნდა იქნას აცილებული და ვფიქრობ, გერმანია ამას აცნობიერებს.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მომავალი ლიდერები რუსეთის შეკავებაზე იმუშავებენ? ფიქრობთ, ლაშეტი ამას გააკეთებს, მიუხედავად წინააღმდეგობრივი განცხადებებისა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ?

მე ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხზე პოზიციები უცვლელი დარჩება. მაგალითად "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შემთხვევაში, რომელიც ახსენეთ. ამ საკითხზე ლაშეტს იგივე პოზიცია ექნება, რაც მის წინამორბედს, რომ უნდა დაასრულონ ეს პროექტი, დაივიწყონ ის და მეტი არაფერი მსგავსი არ გააკეთონ მომავალში. ეს არის გერმანიის პოზიცია. ისინი ფიქრობენ, რომ ახლა ძალიან გვიანია პოზიციის შეცვლა. პოზიციების ცვლილება, ზოგადად ყოველთვის, რთული საკითხია ისეთი ქვეყნისთვის როგორიც გერმანიაა.

როცა [ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში] ჯოზეფ ბორელი მოსკოვში ჩავიდა, ის ბევრმა გააკრიტიკა. ზოგი ფიქრობდა, რომ მას ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და დაკავების ფონზე. ვიხილეთ ასევე რუსეთის ნაბიჯებიც, მათი ვიზიტის მიმდინარეობისას, ევროპელი დიპლომატები გააძევეს. როგორ ფიქრობთ, ამ მოვლენების ფონზე, იცვლება სტრატეგია რუსეთის მიმართ ევროპულ დედაქალაქებში, დღეს უფრო მტკიცეა პარიზის და ბერლინის პოზიციები თუ, ისევ დავუბრუნდებით, რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის პოლიტიკას?

ევროპაში ახალი კონსენსუსი გვაქვს რუსეთის გარშემო. მაგრამ თანამშრომლობის კომპონენტი შენარჩუნება. და ეს ახალი კონსენსუსი სავარაუდოდ გადაითარგმნება მეტ მიზნობრივ და კონკრეტულ სანქციებში.

ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა, ამიტომ ამ საკითხს კავშირი აქვს გერმანიასთანაც.

ასევე ნახეთ: ნავალნის განაჩენი: ვერდიქტი კრემლისთვის?

ევროპაში დღეს განსხვავებული ვითარებაა. პუტინის პოლიტიკის წინ აღდგომა პრინციპული საკითხია. მიუღებელია, ოპოზიციის ლიდერის მოწამვლის და მკვლელობის მცდელობა. და ამაზე კონსენსუსი არსებობს. ევროპაში პოლიტიკას ასე არ აკეთებენ. ეს ნათლად უნდა ითქვას და ვფიქრობ, იტყვიან კიდეც.

ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი

და ბოლოს სხვა თემაზე, გერმანიაში რადიკალური მემარჯვენე პარტია, "ალტერნატივა გერმანიისთვის", უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს. როგორ იცვლება პარტიული პოლიტიკა გერმანიაში, რა იქნება მისი მომავალი, თუ ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია?

გერმანია ძალიან ნელა იცვლება. არჩევნების შედეგები წინასგან მილიმეტრებით განსხვავდება. ბოლო-ბოლო ამას ისიც აჩვენებს, რომ მერკელი თითქმის 16 წელია ხელისუფლებაშია, სხვადასხვა კოალიციებში, რა თქმა უნდა. კოალიციები ბოლო პერიოდის ტენდენციაა.

რაც შეეხება მომავალს, ყველა სავარაუდო სცენარი "ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა" და "მწვანე პარტიას" შორის კოალიციაა. სად იქნება „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ ამ სექტემბერში, ჯერ უცნობია. შეიძლება ეს სამი ერთადაც ვიხილოთ.

ასევე ნახეთ: "ძვირს დავუჯენთ" - ბაიდენის გაფრთხილება რუსეთს

თუმცა, ვფიქრობ დასრულდა „დიდი კოალიციების“ პერიოდი, წამყვან ორ, "ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა" და "სოციალ-დემოკრატიულ პარტიას" შორის. მერკელი ამ კოალიციის კანცლერი იყო სამჯერ... თუმცა სამწუხაროდ, სოციალ-დემოკრატებს გერმანიის პოლიტიკაში უკან დაბრუნების შანსი უახლოეს მომავალში არ აქვთ.

პოლიტიკური ლანდშაფტი "ქრისტიან-დემოკრატიული" კავშირის, "მწვანეების" და ალბათ "თავისუფალი დემოკრატიული პარტიის" მიერ იქნება დომინირებული. და არა მემარცხენე კოალიციის - "სოციალ-დემოკრატების" და „დი ლინკეს“-ის მიერ.

„მწვანეები“ აქეთკენ არ იხრებიან, მათ ძალაუფლებაში ყოფნა უნდათ და ეს პერსპექტივა ამ ეტაპზე მემარცხენე მხარეზე არ არის.