ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი ამბობს, რომ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად და იმის საჩვენებლად, რომ პოლიტიკური ძალები სახელმწიფოებრივად იქცევიან, ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებელების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ. მისი თქმით, ეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის გარანტია იქნება. კალიურანდი ასევე საუბრობს ევროკავშირის ელჩის მოსმენაზე და ამბობს, რომ ბრიუსელი ამას უპასუხოდ არ დატოვებს. კალიურანდი ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის როლზეც საუბრობს. მარინა კალიურანდს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ქალბატონო მარინა, გამარჯობა და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საქართველოში მუნიციპალური, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება. რა მოლოდინები გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით?
პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. დიახ, ეს მართლაც ასეა და ჩვენ არჩევნებს დავაკვირდებით. ევროპარლამენტს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ ჰქონდა. თუმცა, წლევანდელ არჩევნებზე ვგეგმავთ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ჩასვლას და არჩევნებზე დაკვირვებას. რა მოლოდინი გვაქვს? ჩვენც იგივეს მოველით, რასაც სხვები - თავისუფალ, სამართლიან და ღია არჩევნებს. საქართველოში უკვე ერთი წელია პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობს. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოლიტიკური ლიდერშიპი და როგორც მე ვხედავ, ქვეყანას სჭირდება ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მკაფიო პოლიტიკა.
Your browser doesn’t support HTML5
როგორ აფასებთ წინასაარჩევნო მდგომარეობას ახლა? თქვენ საქართველოს კარგი მეგობარი უკვე დიდი ხანია ხართ და ქვეყნის არჩევნებს უკვე წლებია აკვირდებით. სხვა პერიოდებს რომ შევადაროთ მიმდინარე წინასაარჩევნო ვითარება, ხედავთ თუ არა რაიმე განსხვავებებს?
ვიტყოდი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია გართულდა. სამწუხაროდ, ქართულმა ოპოზიციამ მაშინ არ აღიარა არჩევნების შედეგები, საერთაშორისო დამკვირვებლების შედეგები და განსაკუთრებით, ეუთოს "ოდირის" შეფასებები. ამან კი შედეგად ის მოიტანა, რომ საქართველოში უკვე ერთი წელია პოლიტიკურ სტაბილურობა არ არსებობს. ჩვენ ყველა რთულ პერიოდს გავდივართ - მიმდინარეობს კოვიდ პანდემიის კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, ევროპა თავად განიცდის საკუთარ პრობლემებს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნებს ამ ერთი წლის განმავლობაში. შარლ მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების და მთავრობის მიერ ხელის მოწერის შემდეგ, ერთგვარი ოპტიმიზმი იგრძნობოდა. აქაც, სამწუხაროდ, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა და რომ ქვეყანა შეძლებს ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს.
ამის შედეგად კი პოლარიზაცია ყოველკვირეულად ღრმავდებოდა და ღრმავდებოდა. დღეს კი პოლარიზაცია ყოველდღიურად და ზოგჯერ საათობრივად ღრმავდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა და რომ ქვეყანა შეძლებს ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს.
წინასაარჩევნოდ, მთავრობა აცხადებს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ პროვოკაციებს გეგმავს. ოპოზიცია კი თავის მხრივ მთავრობას ადანაშაულებს წინასაარჩევნო ძალადობაში, უსამართლო თამაშის წესებში და სახელმწიფო რესურსის „ქართული ოცნების“ სასარგებლოს გამოყენებაში. რას ფიქრობთ ამ ურთიერთ ბრალდებებზე, რომლებიც არჩევნების შედეგებს უკვე უკავშირდება?
წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში რთული და კრიტიკულია. მაგრამ საქართველო ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია. პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მე ვუსმენ „ქართულ ოცნებას“ და ისინი ოპოზიციას სდებენ ბრალს, ვუსმენ ნაციონალურ მოძრაობას და ისინი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ. ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. მე, როგორც საქართველოს მეგობარი ესტონელი და ევროპის პარლამენტის წევრი, ვამბობს, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს. ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს.
გთხოვთ, დროა დააფიქსიროთ თქვენი ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დაადასტურებენ. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, რომელიც გასცდება პარტიულ თამაშებს და ინტერესებს. პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ დიახ, თუ "ოდირის" დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რა შედეგებიც არ უნდა მიიღოს ამა თუ იმ პარტიამ, რომ ისინი ამ შედეგებს აღიარებენ. ეს იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. სტაბილურობა საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დღევანდელის ნაცვლად ხვალინდელ დღეზე იფიქრონ, სახელმწიფოებრივად მოიქცნენ და არჩევნების შედეგების აღიარების პირობა არჩევნებამდე დადონ.
Your browser doesn’t support HTML5
ასევე, რა თქმა უნდა, უნდა ვახსენო შარლ მიშელის შეთანხმებაც. ის არსად გამქრალა. ევროკავშირმა და ევროპის პარლამენტმა მკაფიოდ თქვეს, რომ მას შემდეგაც, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებიდან საკუთარი ხელმოწერა მოხსნა, ჩვენ ყველა მხარისგან, ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოველით მისი პირობების და შეთანხმების განზრახვის შესრულებას.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული საიდუმლო ჩანაწერების გაჟონვა და გასაჯაროება მოხდა. ჩანაწერების ავთენტურობა ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ამ ჩანაწერების თანახმად, სუსი უსმენდა, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელია. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ბრიუსელში საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაიბარეს განმარტებების გასაკეთებლად. როგორ აფასებთ ამ მოვლენებს თქვენ ევროპული გადმოსახედიდან?
პირველ რიგში, გარდა კანონიერი საჭიროების შემთხვევებისა, ასეთი მოსმენები მიუღებელია. საინტერესოა ის, რომ ერთი კვირის წინ ევროპის პარლამენტში „პეგასუსის“ საქმეზე გვქონდა დისკუსიები და ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად უპატიებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უკანონო თვალთვალი და რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ეს დემოკრატიას. იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოზეც. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაში დამნაშავეები არიან, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ ვინმემ საქართველოს პოლიტიკოსებზე თუ ევროპელ დიპლომატებზე იჯაშუშოს. ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით სათანადო ზომებს მიიღებს და საქართველოს მთავრობას სთხოვს იპოვოს დამნაშავეები და მას პასუხი აგებინოს.
რა იქნება ამ შემთხვევაში სათანადო ზომები?
ასევე ნახეთ: სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში "ქვეყნის გადასარჩენად" ბრუნდებაამ ეტაპზე რთულია ჩემთვის რაიმე კონკრეტული ვთქვა, რადგან ეს მხოლოდ სპეკულაცია იქნება. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი ნაბიჯი ბრიუსელში საქართველოს ელჩის ევროკავშირის სათაო ოფისში განმარტებების გასაკეთებლად გამოძახება იყო. ახლა ევროკავშირი ელოდება იმაზე დამატებით განმარტებებს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინა არის ამაზე პასუხისმგებელი და რის გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა ამ საქმესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, ეს ასე, დამატებითი ნაბიჯების და პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის.
საქართველოს მთავრობამ უნდა გაარკვიოს რა მოხდა რადგან საქართველო დემოკრატიაა და მთავრობამ დემოკრატიის ასეთ დარღვევაზე რეაგირება უნდა გააკეთოს.
მთავრობა აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გაჟონვის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო და ოპოზიციისკენ იშვერს ხელს. ამას ისიც ერთვის თან, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს რასაც ქვეყანაში დამატებითი ვნებათაღელვა მოჰყვა. შორიდან დაკვირვებით ჩანს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოვლენების დიდი ნაწილი ორი ადამიანის გარშემო ვითარდება - ივანიშვილის, რომელიც საჯარო პოლიტიკიდან გაქრა, და სააკაშვილის, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. რას ფიქრობთ ამ ორი ადამიანის როლზე ქვეყნის პოლიტიკაში?
მე ბატონ ივანიშვილს პირადად არ ვიცნობ. რამდენადაც ვიცი, ის ყოველდღიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. მაგრამ ერთი კვირის წინ, ბატონ სააკაშვილს ბრიუსელში შევხვდი, სადაც ის ევროპარლამენტის სხვა წევრებსაც ხვდებოდა. მე მასთან ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემსუბუქდეს და რომ არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. ეს იყო მესიჯი, რომელიც ბატონ სააკაშვილთან გავაჟღერეთ.