ომი რომელიც 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბოლოოდ სოხუმის დაცემით დასრულდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა, რადგან საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე კონტროლი დაკარგა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის ჯარის და ჩრდილოეთ კავკასიელ მებრძოლთა დანაყოფების დახმარებით აფხაზეთიდან ეთნიკური ქართველები განდევნეს და სოხუმში საკუთარი მმართველობა დაამყარეს.
ომს, რომელიც აფხაზეთში წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა 30 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით, 300 000 კი დევნილად იქცა.
დღეს, გასული 28 წლის მსგავსად, საქართველოში ამ დღეს ტრაგიკულად იხსენებენ. დაშვებულია სახელმწიფო დროშები, ხოლო გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდება.
დღეს მემორიალთან დევნილები, საქართველოს მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები იმყოფებოდნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული ოკუპაცია. გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისში ამერიკის საელჩომაც. ელჩი კელი დეგნანი ამერიკელ სამხედროებთან ერთად გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება", წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, საქართელოს სამთავრობო ჯარები აფხაზეთში შევიდნენ. მალევე რუსეთმა საქართველოს საზღვარი დაარღვია და აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო შეტაკებებში ჩაერთო. რუსეთის ფედერაციამ მაშინ მხარი აფხაზ სეპარატისტებს დაუჭირა.
ბრძოლები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა. 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში არერთხელ დაიდო შეთანხმება სამორი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, თუმცა რუსმა სამხედროებმა დადებული ყველა შეთანხმება დაარღვიეს.
აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოაცხადა. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს დღემდე მოუწოდებს ეს აღარება უკან წაიღოს, აფხაზეთს კი საქარათველოს ტერიტორიის ნაწილად აღარებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში 27 სექტემბერს "სოხუმის გათავისუფლების დღედ" მოიხხსენიებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამოქალაქეებს „საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საოკუპაციო ჯარებისგან სოხუმის გათავისუფლების 28-ე წლისთავი“ მიულოცა. მისი თქმით 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის თავზე აფხაზეთის (ეგრეთწოდებული) „სახელმწიფო დროშის“ აღმართვის შედეგი იყო „გამარჯვების მომტანი შეტევა ქვეყნის მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“.
რუსეთი აფხაზების ოკუპაციას აგრძელებს. ამ დროისთვის რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღია მხარდაჭერას უცხადებს მსოფლიო თანამეგობრობა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები.
Facebook Forum