ავღანეთიდან თარჯიმნების გადმოყვანა იწყება

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან თარჯიმნების ერთგვარ ევაკუაციას იწყებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც 20 წლიანი ომის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებს ეხმარებოდნენ.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ევაკუაციის პროცესი ამ კვირაში დაიწყება და მომდევნო კვირების განმავლობშიც გაგრძელდება, პირველ ეტაპზე ავღანეთიდან ამერიკაში 700 ავღანელი თარჯიმანი და მათი ოჯახის წევრების გადმოყვანა მოხდება. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ თარჯიმნები, რომლებიც ამერიკაში ჩამოვლენ, უკვე ასრულებენ სპეციალური ვიზის მიღების საბოლოო პროცესს და ჯერ მათ ვიზები მიღებული არ აქვთ.

პენტაგონის ცნობით, ამერიკაში ევაკუირებული ავღანელები, ვირჯინიაში ფორტ ლის სამხედრო ბაზაზე დასახლდებიან. დროებითი საცხოვრებლის დატოვებას ისინი ეტაპობრივად, მათი საბუთების განხილვის შემდეგ შეძლებენ. საუბარია უსაფრთხოების შემოწმებაზე, რომელიც ხანგრძლივი პროცესია და ყველა მათგანი პროცესის დასრულებას ვირჯინიაში დაელოდება.

ასევე ნახეთ: ავღანეთში ვითარება რთულდება - გენერალი მილერი

ამერიკაში უკვე წლებია მოქმედებს სპეციალური ვიზები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ეხმარებიან. ვიზის მიღების პროცესი ხანგრძლივია, რადგან უსფრთხოების შემოწმება ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება. პროცესი ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის დროს დაჩქარდა და ამ პერიოდში 25 000 ავღანელმა თარჯიმანმა ვიზა უკვე მიიღო. 700 თარჯიმნის და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია იმიტომ დაიგეგმა, რომ ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 31 აგვისტომდე სრულად დატოვებენ. ავღანეთში 600 სამხედრო მოსამსახურე ერთადერთი მისიით დარჩება- უზრუნველყონ საელჩოს შენობისა და თანამშრომლების უსაფრთხოება.