ავღანელი თარჯიმნები, რომლებიც დასავლეთის ჯარებს წლების განმავლობაში დახმარებას უწევდნენ, შესაძლოა გუამში გადაიყვანონ. გადაწყვეტილებაზე თეთრი სახლი კონგრესთან ერთად მუშაობს. ამის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკამ, ნატოს ძალებმა და მოკავშირე ქვეყნებმა ავღანეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
ავღანელი თარჯიმნების განცხადებით, მათ თალიბანისგან უკვე მიიღეს მუქარის შემცველი განცხადებები, რომ მათ და მათ ოჯახებს გაუსწორდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი შემთხვევებისთვის სპეციალური სავიზო პოლიტიკა აქვს, პროცესი რთულად მიმდინარეობს და თარჯიმნების ნაწილი ვიზის მიღებას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი ვიზების გაცემის გართულებული წესი და უსაფრთხოების შემოწმებაა, რომელსაც ავღანელი თარჯიმნების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს.
აპრილის ბოლოს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საკითხის მოგვარებაზე იმუშავებდა და უფრო გაამარტივებდა ვიზების წესებს. პროცესი გრძელდება და ადმინისტრაცია ვიზების გაცემის პროცესში ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობას განაგრძობს.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ აქტიურად, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მუშაობა მიმდინარეობს კონგრესთან, რათა შევცვალოთ ის მუხლები, რაც ვიზების გაცემას აფერხებს. ასევე ვმუშაობთ გეგმაზე, რომ თუ საჭირო იქნება თარჯიმნების ევაკუაცია მოვახდინოთ.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხს ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ვერც ადმინისტრაცია და ვერც კონგრესი ვერ იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ავღანელმა თარჯიმნებმა ვიზები ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე მიიღონ. უსაფრთხოების ნორმები და სავიზო პოლიტიკის წესები ამერიკაში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
გუამი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაა, აცხადებს, რომ მზად არის ავღანელი თარჯიმნები მიიღოს. „მზად ვართ დახმარებისთვის“ ამბობს გუამის გუბერნატორი, რომელმაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა.
ამ დრომდე, უცნობია თეთრი სახლის პოზიცია გუამის გუბერნატორის შეთავაზებაზე. პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში ზალმაი ხალილზადი ამბობს, რომ თარჯიმნების გაყვანა ავღანეთიდან ქვეყანაში უარყოფით ფონს შექმნის.
„თუ ყველა განათლებულ ავღანელს გავიყვანთ ქვეყნიდან, ეს იქნება პანიკის სიგნალი და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს მორალურად დააზარალებს,“- ამბობს ხალილზადი.
ათასობით ავღანელი თარჯიმანი კი დახმარების მოლოდინშია. მათ მას შემდეგ, რაც ამერიკამ, ნატომ და მოკავშირე ქვეყნებმა ავღანეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს და ომის დასრულების შესახებ გამოაცხადეს, არაერთი აქცია გამართეს დახმარების თხოვნით. ისინი ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
Facebook Forum