ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 1234-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მოსახლეობა მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, მას შემდეგ, რაც სულავესის კუნძულზე მიწისძვრის და ცუნამის შედეგად, სულ ცოტა, 1234 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ პალუში, რომელიც ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა, მოსახლეობა მიტოვებულ მაღაზიებში წყალისა და საკვების პოვნას ცდილობს. მთავრობა გადაუდებელ დახმარებას საჭიროზე ნელი ტემპით ანაწილებს.

პარალელურად მაშველები შენობების ნანგრევებში მომწყვდეული ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. ამ დროისთვის, დაახლოებით, 50 ადამიანი ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებშია მოქცეული.

ინდონეზია საერთაშორისო ჩართულობას და დახმარებას ითხოვს. განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს წყალი, საკვები და მედიკამენტები. კუნძულ სულავესზე ელექტროენერგია გამორთულია, გზები გადახერგილი, ან დანგრეული, აეროპორტი კი მინიმალური დატვირთვით ფუნქციონირებს.

პარასკევს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7.5 ბალს აჭარბებდა. მიწისძვრამ 6 მეტრის სიმაღლის ცუნამი წარმოშვა. გიგანტური ტალღა ინდონეზიის სიდიდით მესამე კუნძულს თავს ისეთ დროს დაატყდა, როცა სანაპიროზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა.