ინდონეზიელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მათ ოქტომბერში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტის კაბინის ჩანაწერები იპოვეს. მეორე ე.წ. „შავი ყუთის“ აღმოჩენამ შესაძლოა ნათელი მოფინოს გასულ ოქტომბერში მომხდარ კატასტროფას, რომელსაც ბორტზე მყოფი 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავიაკომპანია „ლაიონ ეარი“ რეგულარულ შიდა რეისს ჯაკარტიდან პანკალინანგის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც იავას ზღვაში ჩავარდა. სამხედრო მყვინთავებმა მეორე შავი ყუთი კატასტროფის ადგილთან ახლოს ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს. ჩანაწერებმა შესაძლოა ამერიკული წარმოების თვითმფრინავის "ბოინგ-737" განახლებული ვერსიის კატასტროფის მიზეზის შესახებ დამატებითი დეტალები გახადოს ცნობილი. ავარიის ადგილზე ასობით ნივთია ნაპოვნი, მათ შორის, წიგნები, საფულეები, ტელეფონები და სხვა ტიპის პირადი ნივთები. დაღუპულთა შორის რამდენიმე ბავშვია.
გამომძიებლები ინდონეზიის ტრანსპორტის ეროვნული კომიტეტიდან ფიქრობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი თვითმფრინავის უსაფრთხოების ავტომატური სისტემის მიერ მცდარი ინფორმაციის მიღება გახდა. გამოძიების ვარაუდით, უსაფრთხოების სისტემა აფრენის შემდეგ თვითმფრინავის ცხვირს ქვემოთ უშვებდა, მიუხედავად პილოტის მცდელობისა კონტროლი მოეპოვებინა. სისტემა იმ შემთხვევაში მიმართავს ამ ზომას თუ თვითმფრინავი ცდება დაწესებულ სიმაღლის ზღვარს.
ამ თვითმფრინავს მსგავსი პრობლემა ფატალურ რეისამდეც ქონდა. გამომძიებლები ამბობენ, რომ ის არ იყო გამართული იმისთვის, რომ ეს რეისი შეესრულებინა.
ავიაკატასტროფა, კიდევ ერთი ლაქაა ინდონეზიის მზარდი ავია-სექტორისთვის, რომელმაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო დაცვის გამო ცუდი რეპუტაცია მოიპოვა. ინდონეზიის ავიახაზებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ფრენის ლიცენზია ამ ეტაპზე არ ეძლევა.