დელიში სკოლები ჰაერის დაბინძურების გამო დაიკეტა

20-მილიონიან დელიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და სასწავლო პროცესი მომავალ სამშაბათამდე შეწყდა. ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება პიკს აღწევს. ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოსახლეობას ნიღბების ტარებას ურჩევენ.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ჩამოწოლილი სმოგის ტოქსიკურობა, იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალია. უზენაესი სასამართლო, რომელმაც ამ დარგში მომუშავე ექსპერტთა პანელი მოიწვია, აცხადებს, რომ დღეს "ბავშვები, მოხუცები და სხვა მგრძნობიარე ჯგუფები საგანგებო ზრუნვას საჭიროებენ".

სასამართლო მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავოს თავი გარეთ, ნიღბის გარეშე სიარულისგან. სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს 5 მილიონზე მეტი ნიღაბი დაურიგდათ. ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელს ჯანდაცვის ექსპერტები გამონაბოლქვს და ქალაქის ირგვლივ მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უკავშირებენ.