კოვიდ-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, ინდოეთი კრიკეტის ჩემპიონატს აჩერებს

ინდოეთი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 20 მილიონს გადაცდა. სწორედ ამის გამო, ინდოეთმა პოპულარული კრიკეტის ჩემპიონატი შეაჩერა. ოპოზიცია ამბობს, რომ ერთადეთი გამოსავალი ახლა ლოკდაუნია.

ინდოეთის კრიკეტის პრემიერ-ლიგა მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ქვეყანაში ბოლო 4 თვეში ვირუსის ახალი 10 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი ტალღის დროს, ინდოეთში 10 თვის განმავლობაში დაფიქსირდა იგივე მონაცემები.

"მართალია გვინდოდა პოზიტივი და მხიარულება შემოგვეტანა, თუმცა, ახლა აუცილებელია, რომ ტურნირი შეჩერდეს და ყველა უკან დაუბრუნდეს თავის ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს, ამ რთულ პერიოდში",- განაცხადეს ინდოეთის კრიკეტის პრემიერ-ლიგის ორგანიზატორებმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინდოეთში, ვირუსის 357,229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების მაჩვენებელი კი 3,449-ით გაიზარდა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით სულ 222,408 ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ: დღეში თითქმის 400 000 ინფიცირებული - ინდოეთი

არსებულ სიტუაციასთან გამკლავება უჭირს როგორც საავადმყოფოებს, ისე მორგებსა და კრემატორიუმებს. საავადმყოფოებში საწოლები და ჟანგბადის ნიღბები არ ჰყოფნით. მორგებსა და კრემატორიუმებში კი მიცვალეულებისთვის ადგილები აღარ არის, ამიტომ მანქანების პარკინგებსა და სკვერებში, საველე კრემატორიუმებია მოწყობილი.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მეტია და აღურიცხავმა შემთხვევებმა, შეიძლება ახლანდელი მონაცემები 10-ჯერ გაზარდოს.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს მთავრობას იმის გამო, რომ რელიგიური დღესასწაულებისა და პოლიტიკური ღონისძიებების დროს, დიდი თავყრილობები დაუშვა.

როიტერის მონაცემებით, ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ამერიკას ჩამორჩება.