დამოუკიდებლობის დღემ კონგრესს დაანახა, რომ სეკვესტრს მრავალმხრივი გავლენა აქვს არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ დედაქალაქის სისუფთავეზეც
Your browser doesn’t support HTML5
დამოუკიდებლობის დღის ზეიმის შემდეგ სმითსონის მუზეუმის თანამშრომელს ვინსტონ ბარბერს ვაშინგტონის ეროვნულ მოლზე ამ დღისთვის უჩვეულოდ ბევრი ნაგავი დახვდა.
„დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები დაგვჭირდა.“
4 ივლისს ეროვნულ მოლზე დაახლოებით 250 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი სადღესასწაულო ფეიერვერკის სანახავად.
მეორე დღეს, ვაშინგტონი წვეულების შემდეგ დაულაგებელ სახლს გავდა. ამერიკის ეროვნული პარკების სამსახურის თანამშრომელი კაროლინ რიჩარდი ამბობს, რომ ამაში უჩვეულო არაფერია.
„ჩვეულებრივ, 4 ივლისის ზეიმის შემდეგ ჩვენი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები გამოდიან და ქალაქს დილის 6 საათამდე ალაგებენ. წელს ბიუჯეტის სეკვესტრის გამო რთული გადაწყვეტილებების მიღება დაგვჭირდა. “
სეკვესტრი ამერიკის ბიუჯეტის 85 მილიარდი დოლარით ავტომატური შეკვეცაა, რომელიც ფედერალური მთავრობის ყველა სააგენტოს შეეხო, პარკებიდან დაწყებული პენტაგონით დამთავრებული.
პარკების ეროვნულმა სამსახურმა წელს ღამით ქალაქის დალაგება უსახსრობის გამო გააუქმა და შედეგიც სახეზე იყო. ჯოშ პეიჯი რამდენიმე წელია კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს:
„გასულ წლებში ქალაქს ღამით ალაგებდნენ სწორედ იმიტომ, რომ დილით ასეთი მდგომარეობა არ ყოფილიყო. მთავარია დალაგება დაიწყოს, მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად მიდის. თუ არა და ყველაფერს ცუდი სუნი ასდის.“
ქალაქის დალაგებაში 100-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. კიშა როჰანი ამბობს, რომ ის და მისი ვაჟი სიამოვნებით ეხმარებიან ქალაქს ჩვეული სახის მიღებაში.
„ვფიქრობ, რომ მოხალისეები ამ საქმეში მონაწილეობას ყოველთვის უნდა იღებდნენ. ეს ხომ ჩვენი ქალაქია.“
მეორე დღეს ვერც კი იტყოდით, რომ ცოტა ხნის წინ აქ მეოთხედი მილიონი ადამიანი იყო შეკრებილი, ამბობს ტურისტი დევის ზიგმანი.
„ასეთი უზარმაზარი თავშეყრის შემდეგ არც თუ ისეთი ცუდი ვითარებაა.”
მოხალისეებმა ამჯერად ქალაქი გადაარჩინეს და რამდენიმე საათში მას ჩვეული ვაშინგტონური იერი დაუბრუნეს. დამოუკიდებლობის დღემ კონგრესს დაანახა, რომ სეკვესტრს მრავალმხრივი გავლენა აქვს არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ დედაქალაქის სისუფთავეზეც.