უკრაინა რუსეთთან ომში „კრიტიკულ მომენტში“ იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთის მეტი მხარდაჭერა - განაცხადა სამშაბათს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარიზში ვიზიტისას.
”აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას”, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს საფრანგეთში.
”ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომ უნდა დამტკიცდეს რაც შეიძლება სწრაფად, დახმარების პაკეტი, რომლითაც პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს მიმართა",- ამბობს ამერიკის პირველი დიპლომატი.
ასევე ნახეთ: ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელშიაბაიდენი უკვე თვეებია, რაც კონგრესს სთხოვს, რომ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების 60 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცოს. თუმცა რესპუბლიკელების უმრავლესობის მქონე წარმომადგენელთა პალატაში, კანონპროექტს კენჭს არ უყრიან. პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ამბობს, რომ პრიორიტეტი ჯერ შიდა პოლიტიკური კანონპროექტის განხილვას უნდა მიენიჭოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს დახმარებას, ქვეყნის სამხედრო ძალებს "პატარა ნაბიჯებით" მოუწევთ უკან დახევა.
ბლინკენი და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ იმ ქარხანას ეწვივნენ, სადაც იარაღის მწარმოებელი კომპანია "ნექსტერი" "კეისრის" ტიპის ჰაუბიცის ქვემეხებს ამზადებს. ლეკორნუს თქმით, "ნექსტერი" თვეში 12 "კეისრის" ქვემეხის წარმოებაზე მუშაობს, რაც აქამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია.