ორბანი თბილისში: ვერავინ ბედავს არჩევნების დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დააყენოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია და ამბობს, რომ არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარდა. მან ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების თითქმის 54 % მოიპოვა, ოპოზიცია და პრეზიდენტი ზურაბიშვილი შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება.

დასავლელი პარტნიორები ქვეყნის ხელისუფლებას დარღვევების შესახებ ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიცია გამოძიების საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს.

ორბანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ლიდერს შორის, ვინც "ქართულ ოცნებას" არჩევნების შედეგები მიულოცა. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ ორბანი მხოლოდ საკუთარ პოზიციას გამოხატავს და არა მთელი ევროკავშირისას. არაერთი ევროპული სახელმწიფოს წამყვანმა დიპლომატმა შეშფოთება გამოთქვა არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან დაკავშირებით და მთავრობას გამოძიებისკენ მოუწოდა.

ვიქტორ ორბანი თბილისში საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე ჩავიდა, თუმცა ამბობს, რომ შეფასებები მიუთითებს, რომ პროცესი დემოკრატიულად ჩატარდა.

"მე წავიკითხე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და ვხედავ, რომ ვერავინ ბედავს კითხვა დასვას მის თაობაზე, იყო თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული. ყველა კრიტიკის პარალელურად, ვერავინ გაბედა ასე შორს წასვლა", - ამბობს ვიქტორ ორბანი.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამშაბათს დარღვევების შესახებ მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიას წარუდგინეს და ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.