ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას ზეიმობს. ვატიკანში საშობაო წირვა გასული წლებისგან განსხვავებულად გაიმართა. წირვა, როგორც საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" წერს, 2 საათით ადრე დაიწყო, რათა ტაძარში მისულებს, სახლში დაბრუნება კომენდატის საათის გამოცხადებამდე მოესწროთ. წირვას ტაძარში 100-მდე ადამიანი ესწრებოდა.
პაპმა ქადაგებაში პანდემია კოვიდ19-ზე ისაუბრა და დიდ სახელმწიფოებსა და კომპანიებს მოუწოდა, რომ ვაქცინის გაზიარება პატარა და შედარებით დაუცველი ქვეყნებისთვის და მოსახლეობებისთვის მოხდეს. პაპი ფიქრობს, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
"ისტორიის ამ მომენტში, როცა მსოფლიო ეკოლოგიური და ეკონომიკურ კრიზისშია და კოვიდ19-ის პანდემიის გამო სოციალური დისტანცირების წესები მოქმედებს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ძმების და დების აღიარება. მე ყველა სახელმწიფოს მეთაურებს, კომპანიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვევედრები, რომ ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას. იპოვონ გამოსავალი ყველასთვის და ვაქცინები განაწილდეს მთელ მსოფლიოში. ვაქცინა უნდა მივიდეს პლანეტის ყველა წერტილში, განსაკუთრებით მათთან - ვინც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და გაჭირვებულია"- ამბობს რომის პაპი.
პაპის თქმით, ჯანმრთელობა საერთაშორისო საკითხია და ის დაუშვებლად მიიჩნევს "ვაქცინის ნაციონალიზაციას". მეტიც, რომის პაპი იზიარებს გაეროში გამოთქმულ შიშებს, რომ პანდემიური ვითარება გაუარესდება, თუ ღარიბი ქვეყნები ვაქცინებს ბოლოს მიიღებენ.
"პირველ რიგში ყველაზე დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ,"- თქვა პაპმა ვატიკანში. პაპი პანდემიის გამო წელს წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე არ გამოჩენილა. მან ქადაგება შიდა დარბაზიდან წაიკითხა. პროცესს სულ 50-მდე სასულიერო პირი სოციალური დისტანციის დაცვით და პირბადეებით ესწრებოდა.
როგორც ცნობილია, რომის პაპი უახლოეს პერიოდში გეგმავს რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაუროს, მათ შორის ის ლიბანში ჩავა და სამხრეთ სუდანსაც ეწვევა.