იაპონიაში ცუნამისგან დაღუპულებს იგონებენ

.

იმპერატორმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ტრაგიკულ დღეებში მაშველთა თავდადების და შეუპოვრობის გამო.

იაპონიაში წუთიერი დუმილით ერთი წლის წინ დაღუპულ ათეულ ათასობით თანამოქალაქეს მიაგეს პატივი. პირდაპირი ეთერით ტოკიოდან გადაცემულ ცერემონიალს იმპერატორი აკიჰიტო უძღვებოდა.

იმპერატორმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ტრაგიკულ დღეებში მაშველთა თავდადების და შეუპოვრობის გამო. სამგლოვიარო ცერემონიალი კვირას დღის 2 საათსა და 46 წუთზე დაიწყო, ზუსტად იმ წუთს, როდესაც ქვეყანას 9-ბალიანი მიწისძვრა დაატყდა თავს. რყევამ გიგანტური ტალღა წარმოშვა, რომელმაც 19 ათასი ადამიანი შეიწირა და 3 ათასი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

ფუკუშიმას ბირთვულ რეაქტორზე მომხდარი გაჟონვის გამო სადგურის მიმდებარე ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ხალხი ჯერ კიდევ დროებით თავშესაფარში ცხოვრობს და ნაწილი ისევ უმუშევარია. ცერემონიალის პარალელურად ტოკიოს ელექტრომომარაგების კომპანიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ბირთვული სადგურების დახურვას და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლას მოითხოვდნენ.