10 ოქტომბერს ქარიშხალმა "მილტონმა" ატლანტის ოკეანეში გადაინაცვლა, მაგრამ მანამდე ფლორიდის შტატს დიდი ზიანი მიაყენა, რის გამოც 3.2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ძლიერი ქარის და წყალდიდობის გამო, ამერიკის სამხრეთ შტატში სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ასევე ნახეთ: ფლორიდას დამანგრეველი ქარიშხალი უტევს9 ოქტომბერს, ქარიშხალმა ხმელეთზე გადასვლისას ძალა დაკარგა, სინოპტიკოსებმა შტორმს მოსალოდნელი მე-5 კატეგორიის ნაცვლად, მე-3 კატეგორია მიანიჭეს. ქარის სიჩქარე ტამპის სამხრეთით საათში 112 კილომეტრს აღწევდა. გუბერნატორ რონ დესანტისის განცხადებით, ეს არ იყო "ყველაზე ცუდი სცენარი", იმის მიუხედავად, რომ შტატს დიდი ზარალი მიადგა და წყლის დონე შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
ქალაქ ფლანტ-სიტიში აქამდე არნახული წყალდიდობა იყო. საგანგებო სამსახურებმა დატბორილი შენობებიდან ღამით 35 ადამიანი იხსნეს. "მსგავსი წყალდიდობა და ამ დონის წყალი არასოდეს მინახავს, მაშინ როცა სულ აქ ვცხოვრობდი", - თქვა ქალაქის მენეჯერმა ბილ მაკდენიელმა.
საბოლოო ჯამში, გადარჩა ქალაქი ტამპა, სადაც სტიქიის ყველაზე ძლიერ დარტყმას ელოდნენ. ელექტროენერგიის შეწყვეტის გარდა, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში სასმელი წყლის გამოყენება აიკრძალა.
ტამპის მახლობლად, ზოგ ადგილზე 45 სმ. ნალექი მოვიდა. ყველაზე დიდი წყალდიდობა სარასოტის საგრაფოში იყო, სადაც წყლის სიმაღლე 2.5-დან ზოგან 3 მეტრს აღწევდა. ჰილსბოროს საგრაფოში შერიფმა ჩად ჩრონისტერმა განაცხადა, რომ საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია და თავშესაფრებიდან გამოსვლა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ბევრგან გზები ჩახერგილია და მოძრაობა უსაფრთხო არ არის.
ზარალის შეფასებისგან ფლორიდის შტატში ჯერჯერობით თავს იკავებენ, გუბერნატორ დესანტისის თქმით, "ზიანის ხარისხი მოგვიანებით უკეთ გვეცოდინება". თადარიგი ფლორიდის გარდა, ჯორჯიის შტატის სამხრეთში და სამხრეთ კაროლინის სანაპირო ზოლშიც დაიჭირეს.