ქარიშხალ ირმას კლასიფიკაცია შეეცვალა და მეხუთედან მე-4 კატეგორიაზე ჩამოვიდა. თუმცა, შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ის მაინც „უკიდურესად საშიშია“ და შეიძლება ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე ძლიერი და "დამანგრეველი" ატლანტიკური ქარიშხალი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა.
პარასკევს საღამოს ირმას ბაჰამის კუნძულებზე ელიან, შაბათს კი - ფლორიდის სამხრეთში, სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ფლორიდის შტატის გუბერნატორის, რიკ სკოტის თქმით, მათთვის მთავარ გამოწვევად საწვავის ნაკლებობა რჩება. ბენზინით დატვირთულ მანქანებს იქ პოლიციის ესკორტი დაყვება, რათა ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა მოხდეს.
ამ ეტაპზე ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღემატება. ქარიშხალმა ირმამ უკვე გაანადგურა რამდენიმე კუნძული, მათ შორის კუნძულები ბარბუდა და სენტ მარტინი. ბარბუდა თითქმის უკაცრიელი გახდა - აცხადებს პრემიერ-მინისტრი გასტონ ბრაუნი. მისი თქმით, კუნძულზე მდებარე შენობების 95 პროცენტი დანგრეული, ან დაზიანებულია.