ქარიშხალი "დორიანი" ფლორიდას უახლოვდება

პარასკევს, ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა, რომ დღის ბოლოსთვის მოსალოდნელია ქარიშხალ „დორიანის“ გაძლიერება.

ცენტრის განცხადებაში ნათქვამია: „სავარაუდოდ, „დორიანი“ უკიდურესად საშიშ ქარიშხლად დარჩება, როდესაც ამ უქმეებზე ჩრდილო-დასავლეთ ბაჰამას ჩაუვლის და ფლორიდის ნახევარკუნძულს მიუახლოვდება.

ბაჰამის მთავრობამ, ჩრდილო-დასავლეთ ბაჰამისთვის ქარიშხალზე დაკვირვება გამოაცხადა. ფლორიდის გუბერნატორმა კი მთელი შტატისთვის საგანგებო მდგომარეობა გამოსცა.

ქარიშხლის ცენტრი ამბობს, რომ „დორიანის“ თანმხლებმა წვიმამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში დატბორვები გამოიწვიოს.

„დორიანი“ სტაბილური, საათში 165 კილომეტრის, სიჩქარის ქარით მოძრაობს და შესაძლოა, ორშაბათ დილით, ფლორიდას მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის სახით, სულ მცირე, საათში 209 კილომეტრი სიჩქარის ქარით დაეჯახოს.

ექსპერტების აღწერით, მეოთხე კატეგორიის შტორმს კატასტროფული ზიანის მიყენება, სახლების და მაღაზიების დანგრევა, გზების აყრა და ხეების და ელექტროგადამცემი ხაზების წაქცევა შეუძლია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ხუთშაბათს თქვა: „რათა უზრუნველვყო, რომ ფედერალური მთავრობის ყველა რესურსი მომავალ შტორმზე ფოკუსირდება... აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“