გასულ წელს მაისის თვეში შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას მას შემდეგ, რაც პოლიციელი მას დაკავებისას მუხლით კისერზე 9 წუთზე მეტხანს ებჯინებოდა, მასობრივი პროტესტი და არეულობა გამოიწვია. სასამართლომ პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. დემონსტრანტები პოლიციის რეფორმას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი შავკანიან მოქალაქეთა უფლებები, მასშტაბურად ირღვეოდა.
ასევე ნახეთ: შოვინი ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ სცნესპრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პირობებში იუსტიციის დეპარტამენტმა 20-მდე სამართალდამცავი უწყების საქმიანობა გამოიკვლია იმისთვის, რომ შავკანიან მოქალაქეთა მიმართ სამართალდარღვევების ან უხეში გადაცდომების ფაქტები დაედგინა. საბოლოოდ, სასამართლომ 14 შეთანხმება დაამტკიცა იმისთვის, რომ ეს პრობლემები გამოსწორებულიყო.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სამართალდამცავ უწყებებში ამგვარი გამოძიებები შეწყვიტა. მაშინდელი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი ამბობდა, რომ ამგვარი გამოძიებები ხელისუფლების გადაჭარბება იქნებოდა და ასევე თანამშრომლების დემორალიზებას გამოიწვევდა. თუმცა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტის მიმართულებით ამ გამოძიებების განახლებას გეგმავს.
აპრილის ბოლოს, ახალმა გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მისი უწყება მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობას შეისწავლის, რათა დაადგინოს, ხდება, თუ არა უკანონო პოლიციური მოქმედებები. ცოტა ხნის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ლუისვილის პოლიციის დეპარტამენტთან დაკავშირებითაც, კენტუკიში. აქ 2020 წლის 13 მარტს პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, შავკანიანი ბრეონა ტეილორი მოკლეს, როდესაც მის სახლში შევიდნენ. ეს ფლოიდის მკვლელობამდე დაახლოებით 2 თვით ადრე მოხდა.