შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია კოვიდ-19-ის მეორე ე.წ. ბუსტერ-დოზას, დღე-დღეზე დაამტკიცებს. ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაც ანონიმურობის შენარჩუნება სურთ.
ასევე ნახეთ: "მოდერნა" მეორე ბუსტერის ავტორიზაციას ითხოვსდამტკიცების შემთხვევაში, ეს "ფაიზერ-ბიონტექის" და "მოდერნას", კოვიდ-19-ის ვაქცინის რიგით მე-4 აცრა იქნება. მეორე ბუსტერ-დოზა სავარაუდოდ 50 წლის ზევით მოსახლეობისთვის იქნება განსაზღვრული. ამ ეტაპზე, მეორე გამაძლიერებელ აცრას მხოლოდ მათ უკეთებენ, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო, სუსტი იმუნიტეტი აქვს.
ბოლო თვეებში, კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდა დასავლეთში უმეტესად ომიკრონის ქვევარიანტ BA.2-ის გავრცელების ხარჯზე ხდება. თუმცა, ჯანდაცვის სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის რისკებს ქმნის ეს ქვევარიანტი.
ისრაელში დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, "ფაიზერის" მეორე ბუსტერ-დოზით აცრილ მოხუცებში, კოვიდ-19-ის სიკვდილობის მაჩვენებელი 78%-ით ნაკლები იყო, ვიდრე მარტო ერთი ბუსტერ-დოზით აცრილთა შორის. 40-დღიან კვლევაში, 60-დან 100 წლამდე ასაკის, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.