ხუთშაბათს საღამოს, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ "მოდერნა", შეერთებული შტატების რეგულატორებს კოვიდ-19-ის ვაქცინის მეორე გამაძლიერებელი დოზის, ე.წ. ბუსტერის დამტკიცების მიზნით მიმართა. საგანგებო ავტორიზაციის გაცემის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი განსაზღვრავს, თუ ვისთვის იქნება რეკომენდებული რიგით მეოთხე აცრა.
"მოდერნაში" ფიქრობენ, რომ რეკომენდაციის გაცემა შესაძლებელია 18 წლის ზევით ასაკის ადამიანებისთვის. მათ შორის - მათთვის, ვინც ასაკის, სამუშაო ადგილის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
მოდერნას განაცხადი მოსახლეობის გაცილებით ფართო ფენას მოიცავს, ვიდრე რამდენიმე დღით ადრე შეტანილი "ფაიზერ-ბიონტექის" მიმართვა. "ფაიზერის" განაცხადის მიხედვით, კორონავირუსის ვაქცინის მეორე გამაძლიერებელი დოზა, მხოლოდ 65 წლის ზევით ადამიანებისთვისაა განსაზღვრული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევებმა კვლავ მატება დაიწყო და ეს ტესტირების მონაცემების მკვეთრი ვარდნის მიუხედავად ხდება. განცხადება ჯანმომ სამშაბათს გაავრცელა და ქვეყნებს კორონავირუსის მიმართ, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
Facebook Forum