„როიტერი“ : რუსეთი ჩინური ძრავის მქონე კამიკაძე დრონებს აწარმოებს

„გარპია ეი1“ - ეს არის კამიკაძე დრონის სახელი, რომელსაც რუსეთი, ბრიტანული სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის დახმარებით აწარმოებს. ამ სიახლის შესახებ სააგენტომ ცნობა 13 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ევროპული სადაზვერვო სააგენტოდან ორი წყარო „როიტერს“ აწვდის ინფორმაციას, რომ კამიკაძე დრონების წარმოება რუსეთმა ჩინური ძრავებითა და ნაწილების გამოყენებით, გასულ წელს დაიწყო და მოსკოვი ამ დრონებს უკრაინასთან ომში იყენებს.

ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე სააგენტო წერს, რომ რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში 2500-ზე მეტი „გარპია ეი1“ კამიკაძე დრონის დამზადება მოახერხა. წარმოების პროცესს სათავეში რუსული სახელმწიფო იარაღის მწარმოებელი IMEZ KUPOL-ი და შვილობილი კომპანია A:MAZ ANTEY უდგას. სააგენტო „როიტერმა“ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმება ორივე კომპანიაში სცადა, თუმცა ამ დრომდე რუსული კომპანიები მათ კითვხებს არ პასუხობენ.

ასევე ნახეთ: რუსი "ქორი" პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

ეროპული სადაზვერვო სააგენტოდან ორი წყარო, როიტერს უყვება, რომ ამ დრონების დახმარებით რუსეთმა უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება შეძლო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, როგორც მშვიდობიან მოქალაქეებში, ისე სამხედრო ნაწილში.

ორმა წყარომ „როიტერს“ ფოტომასალაც მიაწოდა, თუმცა სააგენტო ამბობს, რომ დამოუკიდებლად ფოტოსურათების დადასტურება ვერ მოხერხდა. გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ წყაროთა თხოვნის საფუძველზე ფოტოების თარიღების და სხვა დეტალების გამჟღავნება არ მოხდება. მასალის სენსიტიურობიდან გამომდინარე „როიტერი“ ორივე წყაროს ანონიმურად ტოვებს.