კონგრესის გაერთიანებული სესიის მიერ საარჩევნო ხმების დათვლა, ზოგადად რუტინული და ცერემონიული საქმეა, მაგრამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთი მცდელობა, ეჭვი შეიტანოს დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვებაში, მომავალი გაერთიანებული სესიის მიმართ ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას იწვევს.
მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა კოლეგიამ 14 დეკემბერს ბაიდენი ოფიციალურად აირჩია, გამარჯვების დადასტურების ბოლო ნაბიჯი კონგრესში ხმების დათვლა იქნება. ასეთი შეხვედრა კონსტიტუციის მოთხოვნაა და რამდენიმე განსაზღვრულ ფორმალურ აკორდს შეიცავს.
თუმცა, მანამდე, რამდენიმე რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, რომლებიც გაყალბების შესახებ ტრამპის უსაფუძვლო განცხადებებს იმეორებენ, თქვეს, რომ შედეგებს სენატში ოფიციალურად გააპროტესტებენ და დემოკრატების მიერ მართულ წარმომადგენელთა პალატას კენჭისყრის გამართვას აიძულებენ, რაც თითქმის უეჭველად ჩაიშლება.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ჯგუფი ეძებდა სენატორს, რომელიც ამ ძალისხმევაში ჩაერთვებოდა, რადგან კენჭისყრის გამოსაწვევად, ორივე პალატიდან სულ მცირე ერთი წევრის მხარდაჭერა უნდა არსებობდეს. ოთხშაბათს, ასეთი მხარდაჭერა მისურის შტატის წარმომადგენელმა სენატორმა ჯოშ ჰოულიმ გამოთქვა, რომელიც შესაძლოა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტი გახდეს.
ასევე ნახეთ: ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, ტრამპი კი არაღიარების პოლიტიკას აგრძელებს
ჰოულის მხრიდან გამოწვევა მოხდა იმის მიუხედავად, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა რესპუბლიკელ სენატორებს სთხოვა, წარმომადგენელთა პალატის უიმედო ძალისხმევას არ შეერთებოდნენ. დეკემბრის დასაწყისში, მაკკონელმა თავისი პარტიის დახურულ სხდომას უთხრა, რომ სენატის რესპუბლიკელებისთვის ეს “საშინელი კენჭისყრა” იქნებოდა.
რა მოხდება, როდესაც იანვარში კონგრესი შეიკრიბება?
ფედერალური კანონის შესაბამისად, კონგრესი 6 იანვარს უნდა შეიკრიბოს, რათა ყოველი შტატიდან შემოსული დაბეჭდილი კონვერტი გახსნას, რომელშიც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. პალატაში ხმები წითელი ხის ყუთებით შეაქვთ.
ორი პალატის, ორივე პარტიის წარმომადგენლები შედეგებს ხმამაღლა კითხულობენ და ოფიციალურ დათვლას ხმამაღლა ახმოვანებენ. სესიის თავმჯდომარე იქნება სენატის პრეზიდენტი, ანუ - ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც გამარჯვებულს გამოაცხადებს.
რას მოითხოვს კონსტიტუცია?
კონსტიტუცია მოითხოვს, რომ კონგრესი შეიკრიბოს და ამომრჩეველთა ხმები დათვალოს. ხმების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, პრეზიდენტის ვინაობას დაადგენს კონგრესი, სადაც ყოველ დელეგაციას ერთი ხმა ექნება. ეს 1800-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. ამის აუცილებლობა წელს არც არის, ვინაიდან კოლეგიაში ბაიდენის ტრამპზე გამარჯვება გამოკვეთილი იყო: 306-232-ზე.
ასევე ნახეთ: შესაძლოა დამარცხების შემთხვევაში, არც ტრამპმა და არც ბაიდენმა არჩევნების შედეგი არ აღიარონ
სესია როგორ მიმდინარეობს?
ორი პალატა, ხმების დასათვლელად შუადღეს იკრიბება. თუ ვიცე-პრეზიდენტს თავმჯდომარეობა არ შეუძლია, სენატში არსებობს პრეცედენტი “პრო-ტემპორე”, ანუ უმრავლესობის პარტიის, ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე სენატორის მიერ სესიის გაძღოლის თობაზე. ამჟამად ასეთი სენატორი, აიოვის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჩაკ გრასლია.
თავმჯდომარე ამომრჩეველთა ხმების სერტიფიკატებს ხსნის და შტატების სახელების ანბანის თანმიმდევრობით წარადგენს. შემდეგ, ორივე პალატიდან დანიშნული, ორივე პარტიის წევრი “ხმის დამთვლელები” ყოველ სერტიფიკატს ხმამაღლა კითხულობენ. ხმის დამთვლელები ხმებს აღრიცხავენ და ითვლიან. თავმჯდომარე აცხადებს, თუ პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობისთვის ხმების უმრავლესობა ვინ მოიგო.
ასევე ნახეთ: ტრამპის ადვოკატთა საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
რა ხდება გაპროტესტების შემთხვევაში?
ხმის მთვლელის მიერ შტატიდან წარმოდგენილი სერტიფიკატის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერ წევრს შეუძლია ადგეს და იმ შტატის ხმები ნებისმიერ საფუძველზე გააპროტესტოს, მაგრამ თავმჯდომარე პროტესტს არ მოისმენს, თუ ის წერილობით არ არის წარმოდგენილი და ხელს არ აწერს წარმომადგენელთა პალატის წევრიც და სენატორიც.
ასეთი ერთობლივი თხოვნის შემთხვევაში, გაერთიანებული სესია დროებით შეჩერდება და მის განსახილველად, წარმომადგენელთა პალატა და სენატი ცალკე სესიებს გამართავენ. პროტესტის დასაკმაყოფილებლად, მას ორივე პალატა ხმების უბრალო უმრავლესობით უნდა დაეთანხმოს. თუ მას ორივე პალატა არ დაეთანხმება, ამომრჩეველთა თავდაპირველი ხმები ჩაითვლება.
ასეთი პროტესტი ბოლოს 2005 წელს განიხილეს, როდესაც ოჰაიოს წარმომადგენელმა სტეფანი ტაბს ჯონსმა და კალიფორნიის წარმომადგენელმა ბარბარა ბოქსერმა - ორივე დემოკრატია - ოჰაიოს ამომრჩევლების ხმები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ხმის მიცემის დროს დარღვევები მოხდა. პროტესტზე ორივე პალატამ იმსჯელა და ის უარყვეს. ასეთი კენჭისყრა ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო.
ასევე ნახეთ: მიჩიგანში შედეგების სერტიფიცირება დროებით ჩავარდა, რაც არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებას აყოვნებს
შესაძლებელია თუ არა, რომ გამოწვევა წარმატებით დასრულდეს?
ეს უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ და რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა, მათ შორის მაკკონელმა, ბაიდენის გამარჯვება აღიარა.
15 დეკემბერს, მაკკონელმა თავის კოლეგა რესპუბლიკელ სენატორებს სთხოვა, წარმომადგენელთა პალატის პროტესტს არ შეერთებოდნენ.
რამდენიმე მაღალი თანამდებობის რესპუბლიკელი მას დაეთანხმა. სენატის ნომერ მეორე რესპუბლიკელმა, დაკოტის წარმომადგენელმა სენატორმა ჯონ თუნმა თქვა, რომ უაზრობაა სენატორები კენჭისყრაში ჩართო, როდესაც “იცი საბოლოო შედეგი რა იქნება”.
ტეხასის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა კი აღნიშნა, რომ კონგრესის რესპუბლიკელების ასეთი ძალისხმევა “უნაყოფო” და შეცდომა იქნება.
არ არსებობს არჩევნების ფართო გაყალბების სამხილი, რაც დაადასტურა არჩევნების ოფიციალური პირების ფართო წრემ და უილიამ ბარმა, რომელმაც მოგვიანებით, მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა.
რა როლი აქვს ვიცე-პრეზიდენტ პენსს?
ვიცე-პრეზიდენტის, როგორც სესიის თავმჯდომარის როლი ხშირად უხერხულია, რაც პენსის შემთხვევაშიც მოხდება, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ, ბაიდენის გამარჯვების და საკუთარი დამარცხების გამოცხადება მოუწევს. ეს განსაკუთრებით დაძაბული იქნება ინდიანის შტატის ყოფილი კონგრესმენისთვის, რადგან მისმა ბოსმა, ტრამპმა, დამარცხების აღიარებაზე უარი თქვა.
მაგრამ ის არ იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა. 2001 წელს, ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი თავმჯდომარეობდა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლას, რომელიც მან რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშ (უმცროსთან) მცირე განსხვავებით წააგო.
გორს მაშინ რამდენიმე დემოკრატის პროტესტის უარყოფა მოუხდა. 2016 წელს, ბაიდენი თავმჯდომარეობდა ხმების დათვლას, რომლითაც გამარჯვებულად ტრამპი გამოცხადდა. ბაიდენმაც უარყო წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების პროტესტები, რომელთაც სენატის არანაირი მხადაჭერა არ ჰქონდა.
კონგრესის მიერ ხმების დათვლის შემდეგ რა მოხდება?
გაერთიანებული სესია პროტესტებისთვის ბოლო ოფიციალური შანსია სასამართლო სარჩელების მიღმა, რომლებიც ტრამპის და მისი გუნდისთვის დღემდე ყველა დონეზე, როგორც შტატების, ისე უზენაეს სასამართლოში, არაეფექტური აღმოჩნდა.
სენატორმა კორნინმა დეკემბრის დასაწყისში თქვა: “ვფიქრობ, დგება დრო, როდესაც უნდა გააცნობიერო, რომ ყველა მცდელობის მიუხედავად წარმატებას ვერ მიაღწიე”.