აშშ-ის კონგრესში ჯონ ლუისის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს

ორშაბათს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჯორჯიის შტატის კონგრესმენის და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერის, ჯონ ლუისის ხსოვნას, რომელიც გასულ კვირაში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვეტერანი კანონმდებელი და მოიჯარე ფერმერების შვილი, 1960-იანების სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში აქტიურად იყო ჩაბმული. 1963 წელს, იგი ვაშინგტონისკენ მიმავალ მონუმენტურ მარშზე სიტყვით გამოვიდა. მან 1965 წელს, თავის მშობლიურ ალაბამაში გამართულ მარშში მიიღო მონაწილეობა. იმავე წელს, სელმადან მონტგომერისკენ გამართული მარშის დროს, როდესაც ლუისმა და სხვა დემონსტრანტებმა შტატის დედაქალაქში შესასვლელად ედმუნდ პეტუსის ხიდის გადავლა სცადეს, ის სასტიკად სცემეს. შტატის პოლიციასთან შეტაკებისას მას თავი გაუტეხეს. მოგვიანებით იმ ძალადობას “სისხლიანი კვირა” უწოდეს.

ასევე ნახეთ: მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლა

ლუისის გარდაცვალების შემდეგ ისმის მოწოდებები, რომ ხიდს ლუისის სახელი ეწოდოს. ედმუნდ პეტუსი კონფედერაციის გენერალი და ალაბამის “კუ კლუქს კლანის” ლიდერი იყო.

ჯორჯიის შტატის კანონი ითხოვს, რომ ჯორჯიის დემოკრატიულმა პარტიამ მისი გარდაცვალებიდან ერთ დღეში დაასახელოს ნომინანტი, რომელიც ნოემბრის საარჩევნო ბიულეტენში ლუისს ჩაანაცვლებს. ორშაბათს კომიტეტმა შტატის პარტიის თავმჯდომარე, შტატის სენატორი ნიკემა ვილიამსი შეარჩია, რომელიც არჩევნებში რესპუბლიკელ ანჯელა სტენტონ-კინგს დაუპირისპირდება.