რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინაზე რაკეტებით ახალი იერიში მიიტანა. ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქში ათობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა და სულ მცირე, 34 ადამიანი დაჭრა.
ქალაქ პავლოჰრადზე თავდასხმა, ბოლო სამი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმების მეორე ტალღის დროს მოხდა. როგორც ჩანს, უკრაინული კონტრშეტევის წინ, რუსეთი ზამთრის განმავლობაში გამოყენებულ, შორი მანძილიდან დარტყმების ტაქტიკას მიმართავს.
დნიპროპეტროვსკის რეგიონის საბჭოს ხელმძღვანელმა მიკოლა ლუკაშუკმა თქვა, რომ თავდასხმამ 19 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 25 სახლი, სამი სკოლა, სამი საბავშვო ბაღი და რამდენიმე მაღაზია დააზიანა. 34 დაჭრილს შორის ხუთი ბავშვი იყო.
ასევე ნახეთ: რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაზე მაღალი სიზუსტის საჰარო იარაღით იერიში მიიტანაქალაქი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ფრონტის აღმოსავლეთ და სამხრეთ ხაზებიდან მოშორებით მდებარეობს და სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს.
ქვეყნის სხვა ნაწილები თავდასხმის ტალღებს ზიანის გარეშე გადაურჩა. უკრაინამ განაცხადა, რომ 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 ჩამოაგდო. კიევის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დედაქალაქში სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი და ზიანი არ ყოფილა.
ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, თავდასხმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ელექტროენერგიის გამანაწილებელი წერტილები ხერსონის რეგიონში, სადაც ქსელის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.