"ჰეზბოლა" ამბობს, რომ მოწოდებებს ომში არ ჩაერიოს, "შედეგი არ ექნება"

13 ოქტომბერს, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მეთაურის მოადგილე ნაიმ ქასემმა განაცხადა, რომ მოწოდებები, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში არ ჩაერიოს, ამ დაჯგუფებაზე გავლენას ვერ მოახდენს. მან თქვა, რომ ბრძოლაში წვლილის შეტანისთვის, პარტია „სრულ მზადყოფნაში“ იყო.

„დიდი სახელმწიფოების, არაბული ქვეყნების, გაეროს დესპანების ჩვენ მიმართ კულისებს მიღმა გაჟღერებულ მოწოდებებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ არ ჩავერთოთ, გავლენა არ ექნება“, უთხრა მან მხარდამჭერებს, რომლებიც ბეირუთის გარეუბანში შეიკრიბნენ.

ასევე ნახეთ: ისრაელი მილიონზე მეტ პალესტინელს ღაზის სექტორის დატოვებისკენ მოუწოდებს, ირანი საპასუხო რეაქციით იმუქრება

გასულ კვირაში, ეს დაჯგუფება ლიბანის საზღვრის გასწვრივ ისრაელს რამდენჯერმე უკვე დაუპირისპირდა. ეს 2006 წლის ერთთვიანი ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი შეტაკებები იყო.

საზღვრის მეორე მხრიდან სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას და ისრაელის მიერ საპასუხოდ ღაზის სექტორის დაბომბვას მოჰყვა.

თუმცა, წყაროები ამბობენ, რომ ამ დრომდე „ჰეზბოლა“ შეზღუდულ სვლებს აკეთებს, რათა კონფლიქტის ლიბანში გადადინება არ დაუშვას და იმავდროულად ისრაელის ძალები ამ რეგიონში დააკავოს.

„ჰეზბოლას“ უფროსს, საიდ ჰასან ნასრალას ვითარებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ის პარასკევს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის შესახებ მსჯელობისთვის შეხვდა.

ხუთშაბათს ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ რეგიონში ირანის მოკავშირეებმა, პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის „დანაშაულებს“ პასუხი უნდა გასცენ და ისრაელმა პასუხი უნდა აგოს.