ჯინა ჰასპელი მომდევნო კვირას სენატში წარსდგება

შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორობის კანდიდატს სენატში მომდევნო კვირას მოუსმენენ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯინა ჰასპელი სააგენტოს მეთაურობის კანდიდატად მას შემდეგ დაასახელა, რაც ყოფილი დირექტორი მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა. ჰასპელს სენატის უშიშროების კომიტეტში 9 მაისს მოუსმენენ.

თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში ჰასპელი სააგენტოს მმართველი პირველი ქალი იქნება.

სააგენტოში მუშაობის 30 წლიანი სტაჟის და დიდი გამოცდილების მქონე ვეტერანს, რომელიც წარსულში ლონდონში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ოფისისს უძღვებოდა, აქამდე დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეჭირა.

ჰასპელის კრიტიკოსები იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც ჰასპელი ტაილანდში დაზვერვის სააგენტოს ციხეს, ე.წ. „შავი ობიექტებიდან“ ერთ-ერთს ხელმძღვანელობდა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ჰყავდათ დაკავებული და ზოგჯერ დაკითხვის მკაცრ მეთოდებსაც მიმართავდნენ.